ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, თავად ყველა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ის აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ვალდებულია იგივე გააკეთოს.

ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემთხვევაში, დაპირისპირება უფრო სხვა ხარისხის იქნება:

"პოლარიზებული გარემო ყველა შემთხვევაში იქნება, რთული და აგრესიული კამპანია ჩანს, მაგრამ გააჩნია, რა ხარისხით. თუ ეს ყველაფერი ჩაიშლება და მორიგ ჯერზე ჩავარდება, სულ სხვა ხარისხი იქნება დაპირისპირების და საერთაშორისო წნეხის. თუ შეთანხმება შესრულდება და ხელისუფლების მხრიდან ვნახავთ კანონიერ საარჩევნო კამპანიას, მაშინ სულ სხვა ხარისხი იქნება, როგორც შიდა სიმწვავის, ასევე, საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ".