უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდოდ 2015-2016 წლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გასაჯაროვდა. აღნიშნულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ბაიდენი და პოროშენკო უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომას განიხილავდნენ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.

სატელეფონო საუბრები უმაღლესი რადის დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა 19 მაისს გაასაჯაროვა. 2016 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი პეტრო პოროშენკოს ეუბნება, რომ ახალი მთავრობისა და გენერალური პროკურორის პირობებში აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიებს გამოუყოფს. იმავე წლის აპრილში ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც დეპუტატი ანდრეი დერკაჩი ამბობს, ჩანაწერები მას გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს.

"მათი თქმით, საუბარი თვითონ პოროშენკომ ჩაიწერა, მათი მოსაზრებით, ეს ექსპერტიზის გარეშეც ნათელია. ეს ჩანაწერები — დიდი კორუფციული ფაზლის ნაწილია, რომელსაც დეპუტატები, ექსპერტები და ჟურნალისტები წლების განმავლობაში ვაგროვებთ", — განმარტა დერკაჩმა.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ ყველა მასალა აშშ-ს სახელმწიფო ორგანოებსაც მიაწოდა, რათა მათ გადაწყვეტილება კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ.

აღნიშნულ ჩანაწერებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 მაისის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, გენერალურმა პროკურორმა საქმე უკვე დაარეგისტრირა და გამოძიებაც დაიწყება.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასე მართავდნენ სახელმწიფოს, კიდევ ძალიან ბევრი თავგადასავალი და სხვადასხვა განაჩენი ელით. არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ეს ჩემი უფლებამოსილება არაა [...] ვიცი, რომ ეს შეიძლება აღქმული და გადაკვალიფიცირებული იყოს, როგორც სახელმწიფო ღალატი", — განაცხადა ზელენსკიმ.

ჯო ბაიდენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2009-2017 წლებში იკავებდა. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ კომპანია Burisma Holdings-ში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ჯო ბაიდენი პოროშენკოსგან ვიქტორ შოკინის გადაყენებას ითხოვდა, რადგან გენერალური პროკურატურა Burisma-ს მიმართ რამდენიმე საქმეს იძიებდა.

2019 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმეზე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამას დაემთხვა უკრაინისთვის დაგვიანებით გაცემული ფინანსური დახმარებაც. დემოკრატიულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის ტრამპი ზეწოლას ახდენდა უკრაინის პრეზიდენტზე.

ბრალდებების შემდეგ თეთრმა სახლმა საუბრის სტენოგრამაც გაასაჯაროვა. დონალდ ტრამპი კი ამტკიცებდა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ამის მიუხედავად დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობას დემოკრატიული პარტია წარმოადგენს, ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს. თუმცა სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს უჭირავს, იმპიჩმენტი აშშ-ს პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა.