ოფიციალური პეკინის განცხადებით, უხანმა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეპიცენტრს წარმოადგენს, გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება აკრძალა, ხოლო ფერმერებს თანხა შესთავაზა, რათა უარი თქვან ეგზოტიკური ცხოველების მოშენებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ქვეყანაში იმის ფონზე მიიღეს, რაც ჩინეთი გარეული ცხოველებით ვაჭრობის გამო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გაკრიტიკდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების წყარო ჯერ კიდევ დაუდგენელია, ზოგი მიიჩნევს, რომ იმ პანდემიის გამომწვევი მიზეზი, რომელმაც დღეისთვის უკვე 320 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეგრეთ წოდებული "სველი ბაზრებია".

უხანში მოქმედი ხუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარში, სადაც ცოცხალი ცხოველების სექციაც არსებობდა, გავრცელებული ინფორმაციით, 30-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი იყიდებოდა — მათ შორის, მგლის ცოცხალი ლეკვები, ციკადები, მორიელები და ცივეტები. ჩინეთმა ბაზარი იანვარში დახურა.

ჩინეთის პროვინციის, ხუბეის ქალაქ უხანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა. ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი გარეული ცხოველის საკვებად გამოყენება იკრძალებოდა.

ქალაქში ასევე თითქმის მთლიანად აიკრძალა გარეულ ცხოველებზე ნადირობა, რაც, ხელისუფალთა განცხადებით, უხანს "ველური ბუნების თავშესაფრად" აქცევს. გამონაკლისს წარმოადგენს "სამეცნიერო კვლევის, გარკვეულ სახეობათა პოპულაციის კონტროლის, ეპიდემიური დაავადებების მონიტორინგის და სხვა განსაკუთრებული გარემოებებისთვის" ნადირობის შემთხვევები.

ფოტო: AP Photo / Dake Kang

უხანმა აგრეთვე მიიღო ახალი მკაცრი სანქციები, რომლებიც გარეული ცხოველების საკვების მიზნებისათვის მოშენებას კრძალავს. ქალაქის მესვეურების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება შეუერთდება ქვეყანაში მოქმედ ფართო გეგმას, რომლის მიზანიც გარეული ცხოველების ფერმერთა ბიზნესის შესყიდვას ისახავს მიზნად.

ახალი კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ჩინეთში მალევე აიკრძალა გარეული ცხოველებით საკვები მიზნებით ვაჭრობა, რის მიზეზადაც დაავადების ადამიანზე გადადების რისკი დასახელდა. მიუხედავად ამისა, ვაჭრობა ჯერ კიდევ კანონიერია სხვა ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა სამეცნიერო კვლევა და ტრადიციული მედიცინა.

ქვეყნის ორმა ცენტრალურმა პროვინციამ უკვე შეიმუშავა ფერმათა შესყიდვის გეგმის მონახაზი, რაც ფერმერებს დაეხმარება, შემოსავლის სხვა წყაროები იპოვონ.

ხუნანის პროვინციაში გასულ პარასკევს წარდგენილი საკომპენსაციო გეგმა მიზნად გარეული ცხოველების მომშენებელი ფერმერების იმაში დარწმუნებას ისახავს, რომ შინაური ცხოველების მოშენებით ან ჩაის თუ მცენარეული მედიკამენტების წარმოებითაც შეძლებენ ფულის გამომუშავებას.

ხელისუფლება შეაფასებს ფერმებსდა და ინვენტარს, რის შემდეგაც ერთჯერადად გადაუხდის შესაბამის თანხას წარმოების მფლობელს. მაგალითად, ერთ კილოგრამ გველის სხვადასხვა სახეობაში ფერმერი მიიღებს 120 იუანს (54 ლარს), ერთ კილოგრამ ბამბუკის ვირთხაში კი 75 იუანს (34 ლარს).

ცივეტა — ცხოველი, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის წინ გამოჩენილი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS), წყაროდ მიიჩნევა — 600 იუანად (270 ლარად) არის შეფასებული.

მეზობელი ძიანსის პროვინციაში ასევე შეიმუშავეს გეგმები გარეული ცხოველების მოშენების შეწყვეტის სანაცვლოდ ფერმერების ფინანსური კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. ძიანსის ადგილობრივი ყოველდღიური გაზეთი გასულ კვირას იტყობინებოდა, რომ პროვინციაში 2,300-ზე მეტი ლიცენზირებული გარეული ცხოველების მომშენებელია, რომელთა უმეტესობაც ამ ცხოველებს საკვებად ყიდის. სტატიაში ასევე წერია, რომ ფერმერების საქმიანობის მთლიანი ღირებულება შეფასებულია 1,6 მილიარდ იუანად (დაახლოებით, 722 მილიონ ლარად).

ფოტო: STR / AFP / Getty Images

ორივე პროვინცია, ძიანსიც და ხუნანიც, ხუბეის ესაზღვრება — ადგილს, სადაც წინა წლის დეკემბერში ახალი კორონავირუსი პირველად გამოჩნდა.

ცხოველთა უფლებადამცველთა ჯგუფი, Humane Society International (HSI) აცხადებს, რომ ხუნანი და ძიანსი "გარეული ცხოველების მოშენების მხრივ უმსხვილესი პროვინციებია"; განსაკუთრებით კი გამოსაყოფია ძიანსი, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაჭრობა ძალიან სწრაფად გაფართოვდა. ჯგუფის თქმით, ამ საქმიანობის შემოსავალმა 2018 წელს 10 მილიარდი იუანი (დაახლოებით, 4-ნახევარი მილიარდი ლარი) შეადგინა.

ჩინეთის გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი HIS-იდან, პიტერ ლი, Agence France-Presse-თან აცხადებს, რომ საჭიროა, მსგავსი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარდეს. თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხუნანში დაწესებული სანქციები მაინც უტოვებს შესაძლებლობას ფერმერებს, ეგზოტიკური ცხოველების მოშენება განაგრძონ, თუკი მათ საკვები მიზნებისთვის არ გაყიდიან.

პროვინციის გეგმა ასევე არ კრძალავს გარეული ცხოველებით ვაჭრობას ბეწვეულისთვის, ტრადიციული ჩინური მედიცინისა და გართობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გარეული ცხოველებით ვაჭრობაზე შეზღუდვები და აკრძალვები ჯერ კიდევ SARS-ის ეპიდემიის დროს დააწესა, ამ რეგულაციებს ვაჭრობა ბოლომდე არ შეუჩერებია.

თუმცა ლი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ახლა სწორი მიმართულებით იწყებს სვლას: "ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოუწოდებდა ჩინეთის მთავრობას, შეესყიდა გარეული ცხოველების მოშენებაზე მომუშავე კონკრეტული ფერმები — მაგალითისთვის, დათვის ფერმები.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთის ხელისუფლებამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რაც შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად კარგ პრეცედენტს ქმნის".