ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს შეუძლია, ტურიზმის სფეროში მსოფლიოს თავისი წესები შესთავაზოს. ამასთან, მინისტრი ამბობს, ისინი აქტიურად მუშაობენ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პრაქტიკული ხედვა ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.

მისივე თქმით, საქართველოში მასობრივი კარანტინის "უნიკალური გამოცდილება" შეიქმნა და ქვეყნები მზად არიან ჩვენი გამოცდილება გაიზიაროს. მინისტრის გამოცდილებით, ქართული წესები ბევრისთვის მისაღები იქნება.

"დღეს რასაც ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები [...] თუმცა არც არაფერი განსაკუთრებული და უცნაური იქნება, თუ ჩვენ მსოფლიოს ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

15 ივნისიდან საქართველოში შიდატურიზმის გახსნა იგეგმება. ხოლო პირველი ივლისიდან მთავრობა გეგმას, რომ საერთაშორისო ტურისტები მიიღოს და მათ უსაფრთხო სივრცე შესთავაზოს.