ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებით, პარლამენტი კონსტიტუციას არღვევს. დღეს, 21 მაისს საგანგებო სხდომის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ამის გასაჟღერებლად მივიდა ის პლენარულ სესიაზე:

"არ შეიძლება, პანდემიის გამოწვევას სახელმწიფო ებრძოლოს არაკონსტიტუციური გზებით. ის კანონი რომელიც დღეს შემოდის, არის პირდაპირწინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ მოვედით ჩვენ დღეს აქ, რადგან დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება".

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის ორი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.