ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომპენსაციას ვერ გასცემენ, რადგან თავად გამოძიებას ვერ ჩაატარებენ, მუშაობდა თუ არა კონკრეტული პირი ძიძად ან მომღერლად. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო, "ვიღაცები დარჩებიან დახმარების მიღმა".

"სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ, უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ: იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.

ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული?" — განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ჯობდა ასეთი პირებს "წლების განმავლობაში" სამინისტროს გაცემული რჩევა გაეთვალისწინებინათ და დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად. მისი თქმით, 30 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში არაფერს გადაიხდიდნენ და ახლა მათი პოვნა მარტივი იქნებოდა.

"არანაირი მაღალი დაბეგვრის რეჟიმში არავინ არ ხვდებოდა. არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, არც დამლაგებელი. იმიტომ, რომ წლიური შემოსავალი 30 000 ლარს მარ აჭარბებს. შესაბამისად, ნული იყო გადასახადი და ამით ჩვენ იოლად მოვძებნიდით. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ დაიფიცოს, მეზობელმა თქვას?", — განაცხადა მაჭავარიანმა.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ გადაწყვიტა კომპენსაცია ჩაურიცხოს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. კერძოდ, თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, თუ დაადასტურებენ, რომ მათ შემოსავალი ჰქონდათ. ხოლო დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლას, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ.

გაიგეთ მეტი: