The Atlantic-მა თავის მკითხველებს სთხოვა, გაეხსენებინათ ის მომენტი, როდესაც თავი ყველაზე მარტოსულად იგრძნეს. მრავალმა დაუფიქრებლად — და რამდენიმემ საოცრად დეტალურადაც — უპასუხა ამ, ერთი შეხედვით არც თუ მარტივ, კითხვას.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფილმებში მარტოსულობა ძალიან ხშირადაა გმირების განმსაზღვრელი მახასიათებელი. დასავლურ კინემატოგრაფიაში დიდი ხნის განმავლობაში იყო განდიდებული მარტოხელა კოვბოი, რომელსაც, ამასთან, ხსნის მოლოდინში მყოფი მანდილოსნის გარე სამყაროსგან მოწყვეტილობა იზიდავდა. მოგვიანებით, 90-იან წლებში, მეგ რაიანი და სანდრა ბულოკი მოწყენილი, სოციალურ სიტუაციებში მოუხერხებელი და მეოცნებე გოგოების როლების შესრულებით გახდნენ პოპულარულები. თანამედროვე, სუპერგმირების ფილმებში კი ვხვდებით სამყაროსგან გაუცხოებულ პროტაგონისტს, რომელიც საკუთარმა ძალამ და პასუხისმგებლობამ აიძულა, განდგომოდა საყვარელ ადამიანებს, რათა ისინი თავისი მტრებისგან დაეცვა. ყველა ეს არქეტიპი თავის თავში მარტოსულობის დაძლევის სურვილსაც იტევს და ჩვენც, სავარძლებში მოკალათებული მაყურებელი, ამ თვისების გამო ვამყარებთ მათთან ემოციურ კავშირს.

ამ ფილმებში ხშირად გამოერებულმა სიმბოლოებმა და მინიშნებებმა გვასწავლა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს თვისება: გმირი ჭამს ელექტროღუმელში გაცხელებულ სადილს და მაყურებელი ხვდება, რომ ის მარტოსულია; ან კატა ჰყავს და მაყურებელი ხვდება, რომ ის მარტოსულია. ის ყოველდღე ურეკავს მშობლებს; ან მათთან ცხოვრობს; ან მშობლები გარდაცვლილები არიან და ის ობლად ყოფნამ გამოწრთო.

რეალურ ცხოვრებაში სიმარტოვე გაცილებით რთული ფენომენია და ამერიკულ კულტურაში განდიდებულ ისეთ თვისებებთან იკვეთება, როგორებიცაა საკუთარი თავის იმედად ყოფნა, წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის უნარი და თავის გატანა. რიგითი ამერიკელისგან არსებობს მოლოდინი, რომ მას ექნება საკუთარი პირადი სივრცე, საკუთარი ოთახები, საკუთარი ღობეები, რომლითაც თავის მიწას მეზობლების მიწისგან გამოყოფს. ამერიკელები საქმეს თავისით აგვარებენ.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მარტოობა, შეიძლება, 2030 წლისთვის ეპიდემიადაც კი განვიხილოთ. ამასთან, სოციალური იზოლაციით გამოწვეული შედეგები იმდენად მწვავეა, რომ მას შეუძლია, ადამიანის უჯრედების შემადგენლობაც კი შეცვალოს.

ამიტომ ჩნდება კითხვა, რა ელის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა ასე ხშირადაა სასურველი მიზანი, ამ მიზნისკენ მიმავალი გზა კი არცთუ იშვიათად იზოლაციით მთავრდება? როდესაც ადამიანებს დავუსვით კითხვა, როდის იგრძნეს თავი ყველაზე მარტოსულად, მრავალმა დაუფიქრებლად და დეტალურადაც კი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან მარტოობის განცდის ყველაზე მწვავე გამოცდილება.

ბევრს თავში დროის სპეციფიკური პერიოდი ან ადგილი ამოუტივტივდა: "პიტსბურგში ყოფნისას", — გაიხსენა ერთმა; "როდესც ორსულად ვიყავი და მშობიარობის მომდევნო წელსაც", — აღნიშნა სხვამ. მაგრამ უმეტესობამ თავიანთი წარსულიდან კონკრეტული ეპიზოდი მოიხმო: "დედის დღეს, როდესაც ჩემი უკვე ზრდასრული შვილები არ მელაპარაკებოდნენ. კარზე ზარმა დარეკა, ბუკეტი მოეტანათ... შეცდომით. ყვავილები გვერდითა ბინაში მცხოვრები საშინელი ქალისთვის იყო"; ან "ჩემს პირველ შობას ლოს-ანჯელესში, როდესაც ნაბახუსევზე მყოფმა მთელი დღე დივანზე წოლაში გავატარე". ბევრი ასეთი ამბავი დაკავშირებულია სიახლესთან, როდესაც ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ნაცნობი კავშირების გარეშე გვტოვებს. ზოგ შემთხვევაში მსგავსი ცვლილებები კატასტროფებთან ან მისით დატოვებულ სიცარიელესთან ასოცირდება. რამდენად მრავალფეროვანიც უნდა იყვნენ მსგავსი გამოცდილებები, მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათგან გამოწვეულ ემოციებს გამძაფრებულად შევიგრძნობთ.

კითხვაზე, "როდის იგრძენი თავი ყველაზე მარტოსულად?", შეგროვებულ პასუხებს ქვემოთ გთავაზობთ:

ფოტო: Kristen Radtke

"აშშ-ში ცხოვრების დაწყებიდან პირველივე კვირებში ჩემმა ქმარმა ახალი სამსახური დაიწყო, უფროსი შვილი კი სკოლის საქმეებში ჩაეფლო. მე ჩვენს ახალშობილს საათობით დავასეირნებდი, შემდეგ ტელევიზორში ვუყურებდი კადრებს, სადაც ჩანდა, როგორ ეჯახებოდნენ თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრს".

ფოტო: Kristen Radtke

"პირველ ღამეს, რომელიც ჩემი შვილის გარეშე გავატარე მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში: მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემ გვერდით არ იყო, მისი ტირილი მაინც ჩამესმოდა".

ფოტო: Kristen Radtke

"20 წლისად ყოფნის ბოლო თვეს საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი. სულ ცოტა ხანი იყოს მას მერე გასული, რაც ძალადობის მსხვერპლი გავხდი და სკოლა მივატოვე. სიეტლში იმ დღეს მზეს ერთი წამითაც არ გამოუნათებია. ღამით, როდესაც 21 წლის გავხდი, დიდის ამბით გამოვეწყვე და ბარში წავედი. დაცვამ პირადობის ჩვენება არც კი მომთხოვა, ისე მითხრა უარი შეშვებაზე. როდესაც ვუთხარი, რომ სულ ახლახანს 21 წლის გავხდი, დიდხანს მიყურა და მერე ხმამაღლა გაიცინა — ფაქტობრივად, 'დაახვიეო', მითხრა. მაღაზიაში შევედი, ვისკის პატარა ბოთლი ვიყიდე, ჩემს მანქანაში ჩავჯექი და ქალაქის განათებების ფონზე გამოვცალე".

ფოტო: Kristen Radtke

"მეშვიდე კლასში დაბადების დღის წვეულება დავგეგმე. მხოლოდ ერთი ადამიანი მოვიდა".

ფოტო: Kristen Radtke

"ირანი რომ დავტოვეთ, რვა წლის ვიყავი. ერთი წელი დუბაიში გავატარეთ და შემდეგ იტალიაში გაგვგზავნეს დევნილთა ჰოსტელში, რომელიც, რეალურად, ძველი სასტუმროს შენობის კარკასი იყო. ვიღაც ტიპმა, რომელიც ძალიან ოფიციალურად გამოიყურებოდა, აეროპორტში მოგვაკითხა. ის მხოლოდ იტალიურად საუბრობდა და მოზრდილი, ხვეულგზიანი ბორცვის თავზე ჩამოგვსვა. ჰოსტელში ერთი ოთახი დაგხვდა, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და ჩვენ სამივე — დედა, ძმა და მე — ამ საწოლზე უნდა მოვთავსებულიყავით. მახსოვს, იმ ღამით საჭმელი არ გვქონდა და ჩვენ ძალიან, ძალიან შეშინებულები ვიყავით. როდესაც ამერიკაში გადმოვედით, ზუსტად ამის მსგავსი, სრული დეზორიენტაციის გრძნობა დაგვეუფლა. იმ დროისთვის უკვე 10 წლის ვიყავი. პირველ ღამეს იმ ადამიანების სხვენში გვეძინა, რომელთაც დაგვაფინანსეს. ყველაფერი განსხვავებული დაგვხვდა, ამინდიც კი. იქაურობა ძალიან ნესტიანი იყო. ჩვენ უცხო ადამიანების სახლში ვიყავით. შუა ღამით ძალიან მომშივდა, მაგრამ საჭმელად ქვემოთ ჩასვლა ვერ გავბედე, რადგან ის არ იყო ჩვენი სამზარეულო და, ისედაც, საჭმელიც სრულიად განსხვავებული იყო".

ფოტო: Kristen Radtke

"ალკოჰოლზე უარი რომ ვთქვი და არიზონას მოხუცებისთვის განკუთვნილ დასახლებაში სახელდახელოდ ნაშენებ სახლში ვცხოვრობდი".

ფოტო: Kristen Radtk

"მეტროს ბაქანზე მარტო დგომისას, ცამეტი წლის ასაკში".

ფოტო: Kristen Radt

"კოლეჯის დასრულებიდან ექვსი ან შვიდი თვის შემდეგ მისულაში ცხოვრებისას ქალაქის ცენტრში გახსნილ კაფეში ღამის ცვლაში ვმუშაობდი. ერთ ღამეს ცვლის დამთავრებამდე ბოსტნეულის წვნიანით სავსე მოზრდილი შეკვრის ქვაბიდან მაცივარში გადატანაღა მქონდა დარჩენილი. როდესაც წვნიანის შეფუთვა ქვაბიდან ამოვწიე, შეკვრა გაიხა და მთელი სითხე იატაკზე მოესხა. ჩავიმუხლე და სითხის ამოსაშრობად ჩვარი იატაკს რომ შევახე, დენის დარტყმა ვიგრძენი: წვნიანს ელექტროგაყვანილობამდე მიეღწია. დარტყმა იმდენად ძლიერი არ იყო, რომ რაიმე სერიოზული დაეშავებინა, ამიტომ იატაკიდან წვნიანის მოსაფუთავება მცირედი ელექტროშოკების თანხლებით გავაგრძელე. ვწმენდი და ვიცოდი, რომ როცა მოვრჩებოდი, სახლამდე მისასვლელად სუსხიან სიცივეში უნდა მევლო და მერე მარტოს დამეძინა".

ფოტო: Kristen Rad

"თვრამეტიდან ოცდაორ წლამდე ასაკში ნელ-ნელა გავაცნობიერე, თუ რამდენად რთულია, იყო ფხიზლად და გამუდმებით დროის მოკვლას ცდილობდე. ნერვიულად ჩამოვწერდი ხოლმე საქმიანობებს, რომლებიც მთელი დღის გაყვანაში დამეხმარებოდნენ, მაგრამ დრო მაინც შემაშფოთებლად ბევრი იყო. ყოველ დილით, თვალს როცა გავახელდი, მაშინვე იმას ვიაზრებდი, რომ ჩემი თავი უნდა ამეტანა და ამას დასასრული არ უჩანდა. თანაც, იმდენი შესაძლებლობა იყო იმის, რომ ეს ჩემი თავი მოტყუებულიყო, დაშავებულიყო ან არასწორი გადაწყვეტილებები მიეღო. და ეს ყველაფერი შეიძლებოდა შიგნიდან დამმართნოდა მაშინ, როდესაც გარეთ ცხოვრება ჩემი მონაწილეობის გარეშე მიდიოდა. პირველად ეს პიტსბურგის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, შაბათ ღამით, როდესაც რადიოში Eels-ის სიმღერა, Novocaine for the Soul ისმოდა".

ამავე თემაზე: