თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია ქვეყანა ფოკუსში წელს პოლონურ კინოს მიეძღვნება. პოლონეთის კინოინსტიტუტსა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტთან თანამშრომლობის შედეგად, კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პოლონური კინოს ბოლო ხუთი წლის ნამუშევრები. სექცია აერთიანებს როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მაყურებელი იხილავს ანტონი კრაუზეს ფილმს, "სმოლენსკის", რომელიც 2010 წლის სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე მოგვითხრობს.

ქვეყანა ფოკუსში ასევე მოიცავს დისკუსიას „ფერფლიდან ალმასამდე“, რომელსაც პოლონური კინოს ექსპერტი, იაკუბ მაიმურეკი გაუძღვება. განხილული იქნება პოლონური კინოინდუსტრიის განვითარება 1989 წლიდან დღემდე.

პოლონეთი თანამედროვე კინოსამყაროში განსაკუთრებული ამბიციურობითა და შემოქმედებითობით გამოირჩევა. პოლონური კინო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში, ერთგვარი ინსტრუმენტია სოციალური კომუნიკაციისთვის.

საერთო ჯამში მაყურებელს საშუალება ექნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სულ 15 პოლონური ფილმი იხილოს. ერთ-ერთი მათგანი, "ტალღები" მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსის სექციაში.

აბანო, რეჟისორი: ტომეკ დუკი

ორი ასაკოვანი მოცურავე ერთმანეთს აბანოში ხვდება, ცურვის დროს. ამჯერად ისინი ჩვეულებრივზე ღრმად ყვინთავენ. "აბანო" მოკლემეტრაჟიანი ფილმია ცხოვრების დინამიკის შესახებ, რომელიც დუალისტურ ფილოსოფიას ეფუძნება და მუდმივად ორ წინააღმდეგობას შორის ირყევა: წარმოსახვა და სინამდვილე, სიცოცხლე და სიკვდილი, სხეული და ცნობიერება, წარსული და მომავალი.

თეთრად გათენებული ღამეები, რეჟისორი: მიჰალ მარჩაკი

ახალი ხანა იწყება და ვარშავა წარსულისა და მომავლის გზაგასაყარზე დგას. ზრდასრულობის ასაკში შესული ქრისტოფერი და მიჰალი დაუღალავად დაეხეტებიან ქალაქის ქუჩებში და ლამაზ წუთს ეძებენ, რომ მარადიულად იქ დარჩნენ. მათ არასდროს აკმაყოფილებთ პასუხები და თითოეული გამოცდილება გარდატეხის ეტაპამდე მიყავთ. ამით ცდილობენ გაარკვიონ, რას შეიძლება ნიშნავდეს ნამდვილი სიფხიზლე სამყაროში, რომელიც აშკარად კმაყოფილია ძილით.

ქაბაბი და ჰოროსკოპი, რეჟისორი: გჟეგოჟ იაროშუკი

ხელმოცარული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ხალიჩების მაღაზიაში მუშაობენ, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება მარკეტინგის ორი "ექსპერტის" დახმარებით შეცვალონ. ქაბაბის მაღაზიის ყოფილი თანამშრომელი და ველური ბუნების შესახებ ჟურნალის ყოფილი მარჩიელი ცდილობენ, მაღაზია ფეხზე დააყენონ.

დეიდის მკვლელობა, რეჟისორი: მათეუშ გლოვაცკი

23 წლის იურეკი დეიდასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ბიჭს არაფერი მოაკლდეს. სტაბილური ცხოვრებითა და მუდმივი ზრუნვით დაღლილი ბიჭი გადაწყვეტს, რომ საკუთარი ბედი შეცვალოს. ფილმი ანჯეი ბურსას დაუსრულებელ რომანს „დეიდის მკვლელობა" ეფუძნება და თავისუფლების მოთხოვნილებაზე მოგითხრობს. ის სავსეა დახვეწილი აბსურდითა და შავი იუმორით.

უცხო სამოთხე, რეჟისორი: დარიუშ გაიევსკი

გაუგებრობებზე აგებული სოციალური ტრილერი შვედეთში მცხოვრებ ახალგაზრდა პოლონელ წყვილს, ბასიას და მარეკს ეხება. ერთი უწყინარი ტყუილი ოჯახურ დრამად იქცევა. მათი ქალიშვილი სოციალურ სამსახურს მიჰყავს. ცოლ-ქმარი ვერ თანხმდება, როგორ შეებრძოლოს თანამედროვე სახელმწიფოს არაადამიანურ პროცედურებს.

წითელი ობობა, რეჟისორი: მარჩინ კოჟალკა

ახალგაზრდა მამაკაცი, კაროლი მოულოდნელად ხვდება უცნობს, რომელიც, მისი რწმენით, 1960-იანი წლების კრაკოვში მცხოვრები სერიული მკვლელი, მეტსახელად „წითელი ობობაა". ამ იდეით შეპყრობილი მთავარი გმირი თვალთვალს იწყებს. ცოტა ხანში ის ადგილობრივი გაზეთის ფოტორეპორტიორ დანკას ხვდება. სიყვარულით მოხიბლულ და სიკვდილით შეშინებულ კაროლს უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება უწევს.

სექციაში წარმოდგენილი ფილმები სხვადასხვა ნიჭიერი რეჟისორის პერსპექტივიდან აღწერენ, იკვლევენ და განიხილავენ თანამედროვე პოლონეთსა და მის კულტურას. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 ნოემბერს იწყება და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.