ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მან, კალაძემ და კობახიძემ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგით გაიგეს, ხოლო ბრიფინგის შემდეგ გაიგეს, რომ პრეზიდენტს მანამდე კომუნიკაცია ჰქონდა.

"იმ დღეს მოხდა ასე: ჩვენ იმ ერთ საათში, როცა ბრიფინგი ჩატარდა, მეც, კახი კალაძემაც, ირაკლი კობახიძემაც, მეტი არავინ არ იყო ქართული ოცნების ოფისში ამ დროს, გავიგეთ ბრიფინგიდან. მაგრამ ბრიფინგის შემდეგ გავიგეთ, რომ რაღაც კომუნიკაცია იყო, ჩაგვაყენა წუთებით ადრე საქმის კურსში, ეს იყო", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს არ ეთანხმება, რომ ამ ადამიანების ციხეში ყოფნა ქვეყანას "ისე შეანჯღრევდა", რომ ამას ზიანი მოეტანა.

პრეზიდენტმა 19 მაისს ინტერვიუში აღნიშნა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს წინასწარ შეატყობინა.

ქართული ოცნების ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არათუ მოულოდნელი იყო, ამის განცდაც კი არ ჰქონია. თავად პრემიერმა კი შეწყალებას უკიდურესად მძიმე უწოდა.

პარტიის სხვა ლიდერებმა შეწყალებაზე თქვეს, რომ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: