ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ იცოდა და რომ სცოდნოდა იტყოდა. ამ თემაზე მან კომენტარი მთავარ არხთან გააკეთა.

"არ მქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით და არც ინფორმაცია მქონდა, მე ეს გავიგე ბრიფინგით და ამ ბრიფინგის შემდეგ ერთ-ერთ ქუჩაზე სამუშაოების დასათვალიერებლად როდესაც მივედი, კომენტარიც გავაკეთე. რაც იყო ის ვთქვი, მე ვერ მოვიტყუები, რომ ვიცოდითქო, რომ მცოდნოდა ამასაც ვიტყოდი", — თქვა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არ იცის, რატომ არ ჩააყენეს თანაგუნდელებმა ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში.

პრეზიდენტმა 19 მაისს ინტერვიუში აღნიშნა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს წინასწარ შეატყობინა.

ქართული ოცნების ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

კახა კალაძემ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.