შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ თემაზე მინისტრმა კომენტარი დღეს, ახალგორელი 63 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხზე გააკეთა, რომელიც მეთოთხმეტე მსხვერპლი გახდა. ციხელაშვილის თქმით, 63 წლის კაცის ოჯახი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მის გადმოყვანას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა.

"რა თქმა უნდა, ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საერთოდ, იზოლაციის დაწყებიდან, ცხინვალის რეჟიმის მიერ, სექტემბრის დასაწყისიდან 2019 წლის დღემდე, 13 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ბატონი გახლავთ მეთოთხმეტე", — ნათქვამია ციხელაშვილის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 63 წლის პაციენტი ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობდა, რის შემდეგაც ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს და 5 დღე გააჩერეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ გუშინ, 19 მაისს მიიღო გადაყვანაზე დადებითი გადაწყვეტილება და 9 საათზე ის წითელი ჯვრის ხაზით გორის საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში, კარალეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა.