იმის მაგივრად, რომ ორბიტაზე მდებარე კოსმოსურ სადგურებზე ადამიანები გავუშვათ, იაპონური სტარტაპი Gitai მათ ჩანაცვლებას რობოტებით გეგმავს.

ადამიანების კოსმოსში გაშვება საკმაოდ სარისკო და ძვირი საქმიანობაა. ხოლო თუკი ნახევრად ავტონომიური რობოტები ამ სამუშაოს ადამიანების ნაცვლად შეასრულებენ, იაპონიის კოსმოსური სააგენტო თითო ადამიანზე გამოყოფილ ხარჯებს 90%-ით შეამცირებს. მაგრამ მთავარ პრობლემას ისეთი რობოტის შექმნა წარმოადგენს, რომელიც მსგავსი დავალებებისთვის საკმარისად კარგი იქნება.

სტარტაპის გეგმის მიხედვით, რობოტები უშუალოდ კვლევას ჩაატარებენ, სანამ ადამიანი ოპერატორები მათ დისტანციურად გააკონტროლებენ. მსგავსი რობოტების კონტროლი კი კოსმოსურ კვლევებს ბევრად იაფს და უსაფრთხოს გახდის.

"ისეთი რობოტების შექმნის საჭიროება, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, ნამდვილად არსებობს", — განაცხადა იაპონელმა ასტრონავტმა ნაოკო იამაზაკიმ.

გუნდის მთავარ გამოწვევას ისეთი რობოტების შექმნა წარმოადგენს, რომლებიც ადამიანი მეცნიერების ჩანაცვლებას შეძლებენ. Gitai-იმ გასულ წელს მსგავსი რობოტი წარადგინა, რომელსაც გარკვეული დავალებების შესრულება შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ მან არ გაამართლა. სტარტაპის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, შო ნაკანო სამომავლო კოსმოსურ რობოტებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ჩვენ ცოტახანში ისეთ ერას ვიხილავთ, სადაც ადამიანებს კოსმოსში მუშაობისთვის კოსმოსში წასვლა აღარ მოუწევთ", — განაცხადა ნაკანომ.