კახეთის სოფელი გრემი ცნობილია ამავე სახელწოდების მქონე მონასტრით, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია, თუმცა სოფელ გრემს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობით შეუძლია მოიწონოს თავი — იქვე მდებარეობს სოციალური საწარმო თემი, რომელიც რამდენიმე ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად.

ეს ორგანიზაცია 1989 წელს დაარსდა, 1991 წლიდან კი სოფელ გრემში აქტიურად დაიწყო სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სხვადასხვა საქველმოქმედო საშუალებით დახმარება: ორგანიზაცია ცდილობს, რომ უსახლკაროებს, მოხუცებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და სხვა მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებს საცხოვრებელი გარემო და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა შესთავაზოს.

თემში ამჟამად ასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ორგანიზაცია აუცილებელ უსაფრთხო გარემო-პირობებს უქმნის. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი თავშესაფარი: აქ თითოეულ მცხოვრებს საშუალება აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები შესაბამისად გამოიყენოს, ახალ ცოდნას დაეუფლოს და თავი თანასწორ, სოლიდარულ გარემოში იგრძნოს.

ფოტო: TEMI-Community / Facebook

ამ ყველაფერს კი ერთად უყრის თავს სოციალური საწარმო თემი, რომლის ფუნქციონირებაში ყოველ წევრს თავისი წვლილი შეაქვს: ისინი ერთად უვლიან ვენახს, მოჰყავთ ბოსტნეული, იღებენ ხილის მოსავალს და აქვთ პურის საცხობი. ეს ყველაფერი კი ეხმარება მათ, რომ თავად შეიქმნან საარსებო მინიმუმი, ამავდროულად კი წამახალისებელ გარემოში საკუთარი უნარები გამოსცადონ.

ფოტო: TEMI-Community / Facebook

სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებით კი თემი სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც თავისი განსაკუთრებული შექმნის ისტორიასთან ერთად არც ხარისხით ჩამოუვარდა სხვა შედარებით უფრო ცნობილ ბრენდებს.

მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის გამორჩეულია ქვევრის ღვინო, რომელსაც ტრადიციული ქართული წესების დაცვით აწარმოებენ და ნატურალური ყურძნისგან წურავენ, რომელსაც ასევე თავად უვლიან ვენახში.

თემში რქაწითელისგან და საფერავისგან ყოველწლიურად 30 000-მდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც ექსპორტზე ისეთ ქვეყნებშიც კი გააქვთ, როგორებიცაა გერმანია, ნორვეგია და იაპონია.

ფოტო: TEMI-Community / Facebook

ღვინოსთან ერთად თემი აწარმოებს არაალკოჰოლურ სასმელებს: ხილის ნატურალურ წვენებს. მათივე მოსავლით ისინი ამზადებენ ვაშლის, ყურძნის, კომშისა და ბროწეულის წვენებს.

ფოტო: TEMI-Community / Facebook

სხვადახვა გასაყიდ პროდუქციასთან ერთად ეს სოციალური საწარმო ცდილობს, ტურისტული გარემოც შექმნას: სოფელ გრემში მისულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თემის რესტორანში ნატურალური პროდუქციით დამზადებული ქართული სამზარეულოთი ისიამოვნონ.

ასევე დამთვალიერებლებს შეუძლიათ ველო-ტურით მეზობელ სოფლებში ისეირნონ, ან თემის ყოველდღიურ რუტინაში ჩაერთონ და ისეთ საქმიანობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორიც პურის გამოცხობა, საჭმლის მომზადება და ღვინის დაწურვაა.

ფოტო: TEMI-Community / Facebook

მიუხედავად იმ გასაოცარი საქმიანობისა, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეწევა, მას მაინც ყოველდღიურად სჭირდება სხვადასხვა სახის დახმარება. სწორედ ამის გამო, სხვა ბევრის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო თემის საწარმოც დაზარალდა, შესაბამისად, ახლა ამ დიდ ოჯახს განსაკუთრებულად სჭირდება ნებისმიერი დაინტერესებული პირის დახმარება.

ამისთვის კი სხვადასხვა რამის გაკეთება შეგიძლიათ: შეიძინოთ თემის პროდუქცია ან ისარგებლოთ მათი ტურისტული სერვისებით; ასევე შეგიძლიათ მოხალისეობრივად ჩაერთოთ მათ საქმიანობაში ან გაიღოთ შემოწირულობა.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს.

სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.