საკულტო ინგლისური როკბენდის Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა, როჯერ უოტერსმა განაცხადა, რომ მას ასევე ჯგუფის ყოფილი წევრი, დევიდ გილმორი ხელს უშლის, რომ Pink Floyd-თან დაკავშირებული ინტერნეტრესურსებით ისარგებლოს.

როჯერ უოტერსმა რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჰიტის Mother ახლებური ვერსია ჩაწერა და გამოაქვეყნა.

19 მაისს კი ტვიტერის პირად ანგარიშზე ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ფანებს მადლობა უხდის დადებითი შეფასებისთვის და ასევე იმ უთანხმოებაზე საუბრობს, რომელიც მასსა და დევიდ გილმორს შორისაა:

"საინტერესოა, რატომ არ არის ხელმისაწვდომი ჩემი ახალი ვიდეო ვებსაიტზე, რომელსაც Pink Floyd-ის ვებსაიტად მოიხსენიებენ? ამაზე პასუხი კი ისაა, რომ ამ ვებსაიტზე არაფერი განთავსებული, რაც მე მიკავშირდება. დევიდ გილმორს უბრალოდ დაბლოკილი ვყავარ", — ამბობს მომღერალი ვიდეოში.

მუსიკოსმა ჯგუფის ყოველ წევრთან უთანხმოებაზე უფრო ვრცლად ისაუბრა:

"დევიდი ფიქრობს, რომ ჯგუფი მთლიანად მას ეკუთვნის. მისი აზრით, იმის გამო, რომ მე ბენდი 1985 წელს დავტოვე, ახლა სწორედ თავად არის პინკ ფლოიდი, მე კი გამოუსადეგარი ვარ და უბრალოდ უნდა გავჩუმდე".

როგორც უოტერსი აცხადებს, ამის გამო მას საშუალება არ ეძლევა, რომ ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური ქსელის გვერდები თუ სხვა რესურსები თავისი შემოქმედების გასაზიარებლად გამოიყენოს. ეს კი მას უსამართლობად მიაჩნია და გილმორს გამოსავალსაც სთავაზობს:

"ეს არასწორია, ჩვენ კვლავ უნდა აღვსდგეთ ან უბრალოდ შეუცვალოს ჯგუფს სახელი და დაარქვას Spinal Tap".

ცნობილი როკბენდი Pink Floyd 1965 წელს როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა, რიჩარდ რაიტმა და სიდ ბარეტმა დააარსეს, 1967 წელს კი მათ დევიდ გილმორიც შეურთდა.