სპეციალურ ლაბორატორიაში, რომელიც მარსის ზედაპირის სიმულირებას ახდენს, მკვლევრების საერთაშრისო გუნდმა აღმოაჩინა, რომ წითელი პლანეტა უცნაური ტალახის ვულკანებითაა დაფარული.

"შემდეგში, როდესაც ისეთ რამეს დავინახავთ, რაც ლავის გადმოფრქვევას ჰგავს, დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რომ იგი ნამდვილად ლავაა — შესაძლოა, საქმე ტალახთან გვქონდეს. ამის დასადგენად კი მტკიცებულება იქნება საჭირო, როვერის ან ასტრონავტის გაგზავნა, რათა ნიმუშები აიღოს", — განაცხადა ჩეხეთის მეცნიერების აკადემიის პროფესორმა და კვლევის ავტორმა პეტრ ბროშმა.

მარსის ზედაპირზე ვულკანის მსგავსი რელიეფების წარმოშობის ისტორიამ მეცნიერებს ნამდვილი თავსატეხი გაუჩინა. ახლახან ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით კი, დაასკვნეს, რომ ტალახის ვულკანებმა, შესაძლოა, მარსზე არსებული ლავის მსგავსი ნაკადების ფორმირება ახსნან.

კვლევაში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გამოიყენეს მათ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მდებარე პატარა კამერა, სადაც მკვლევრები პლანეტის ექსტრემალური სიცივისა და დაბალი წნევის სიმულირებას ცდილობდნენ.

როგორც აღმოჩნდა, დედამიწის პირობებისთვის ჩვეულ ტალახთან შედარებით, მარსზე იგი უცნაურ და უსწორმასწორო ფორმებს იღებს.

"ტალახის ზედა ფენა იყინება, თუმცა ნაკადი იმდენად სქელია, რომ ფენის შიგნით იგი თხევადი რჩება. გაყინული ზედაპირი ნაკადს ცოტახნით აკავებს, თუმცა ყველაზე სუსტ ადგილას იგი მაინც ტყდება და ტალახი ზედაპირზე აღწევს და იგი წინსვლას განაგრძობს", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა მენიშ პიტელმა.

ამ მოვლენას საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვს pahoehoe-სთან — ლავის ნაკადებთან, რომლებიც ძირითადად ჰავაიზე გვხვდება და გლუვი, ბლანტი ზედაპირით გამორჩევა.

ეს პროცესი აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას უგულებელყოფს, რომლის მიხედვითაც ნაკადი ზედაპირთან ერთად წამებში იყინებოდა და მოძრაობას წყვეტდა.

პრფესორი ბროშის მიხედვით, მათი კვლევა მეცნიერებს მუდმივად უნდა ახსენებდეს, რომ როდესაც სხვადასხვა პლანეტარულ სხეულსა თუ პროცესს აკვირდებიან, მიღებული შედეგები საკმაოდ მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს.

კვლევა 18 მაისს, ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.