25 ნოემბერის ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამიტომ ხვალ 17 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა "გოგონა დაიბადა" გაიხსნება.

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტოგამოფენა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ეძღვნება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი "გოგონა დაიბადა" თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგოები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგოებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას, რაც მთავარია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის.

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრაქტიკის შედეგად საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგოების რაოდენობა კი მცირდება. მტკიცებულებებზე აგებული საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებისა და ტენდენციების შესწავლის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა 2014 წელს კვლევა ჩაატარა, რომელმაც ცხადყო, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა მჭიდრო კავშირშია კულტურულ და რელიგიურ, ასევე ქალაქსა და სოფლად ცხოვრების თავისებურებებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორის არსებობა, მათ შორისაა ოჯახებში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება.

ფოტო: დინა ოგანოვა

სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგოს ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. ამჟამად საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. გამოთვლებით დადგინდა, რომ ასეთი პრაქტიკის გამო 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა. თუ ტენდენცია შენარჩუნდა, 2050 წლისთვის მათი რიცხვი 80 000-ს მიაღწევს.

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტო: დინა ოგანოვა

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგად მივიღებთ ძალადობის გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესს და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შესაცვლელად, რომელსაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევამდე მივყავართ.

გამოფენა "გოგონა დაიბადა" 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: შ. დადიანის ქ. 2/1 (თავისუფლების მოედანი 1).