დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით, პრეზიდენტისთვის მმართველი გუნდის განცხადებები უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე შეურაცხმყოფელი იყო. ბესელია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციებს გაივლიდა.

"მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იმ ტიპის პოლიტიკური აქტი იყო, რომლის თაობაზე პრეზიდენტს გარკვეული კონსულტაცია ექნებოდა იმ პირებთან, რომლებიც მან დაასახელა. მან ეს საჯაროდ დაადასტურა და დაადასტურა იმიტომ, რომ მისთვის ალბათ შეურაცხმყოფელი იყო ის აბსოლუტურად ყალბი განცხადებები, რომლებიც უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების მხრიდან, რომ მათ ეს არ იცოდნენ და თითქოს განაწყენდნენ", — თქვა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ტელევიზორით გაიგო ყალბია.

პრეზიდენტმა გუშინ, 19 მაისს ინტერვიუში აღნიშნა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს წინასწარ შეატყობინა.

ქართული ოცნების ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არათუ მოულოდნელი იყო, ამის განცდაც კი არ ჰქონია. თავად პრემიერმა კი შეწყალებას უკიდურესად მძიმე უწოდა.

პარტიის სხვა ლიდერებმა შეწყალებაზე თქვეს, რომ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: