დღეს, 20 მაისს გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ოთხი ექსპერტ კრიმინალისტი დაკითხეს. მათ შორის ორი ექსპერტი ნიმუშის აღების პროცედურას ესწრებოდა, ორი კი რურუას ავტომობილის ჩხრეკას.

ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროცესზე ითქვა, ისაა, რომ ამ საქმეზე მთავარი მტკიცებულება სპეციალურ ერთჯერად პაკეტში არ დაულუქავთ. როგორც ადვოკატი ამბობს, სპეცპაკეტის გამოყენებით უზრუნველყოფილია ის, რომ მას ვერავინ გახსნის.

"გიორგი რურუას დაკავებისას ექსპერტები არ დაისწრო გამოძიებამ, არც ეს სპეცპაკეტები წაიღეს. ის შეიფუთა რაღაც ფუთაში, გამოძიების მრავალჯერადი ლუქით, რომლის გახსნა და იარაღზე მანიპულირება ყოველთვის შეეძლოთ", — ამბობს შავგულიძე და ამატებს, რომ "აქაა ძაღლის თავი დამარხული".

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღეს დაკითხული მოწმეების მიხედვით, მარტივად არის შესაძლებელი, ადამიანს ბამბიანი ჩხირი წაუსვა კანზე, აიღო დნმ და დაიტანო ის ნივთზე. დაცვის მხარის ვერსიით, გიორგი რურუას კისრის მიმდებარე ტერიტორიიდან აუღეს დნმ ნიმუში და ის ჩადებულ იარაღზე დაიტანეს.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ბრალდებული გიორგი რურუაც. სხდომაზე ბრალდებულსა და პროკურორს შორის მცირე სიტყვიერი შეკამათებაც იყო, თუმცა მალევე განიმუხტა. სხდომის შემდეგ პროკურორმა ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გიორგი რურუა მოწმის დისკრედიტაციას ცდილობდა:

"ბატონი გიორგი რურუა ცდილობს მოწმეების დისკრედიტაციას. დასვას ისეთი კითხვები, რასაც მოყვება ჩვენი პროტესტი. დისკრედიტაცია გულისხმობს, მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას, დანარჩენი ხმაურიანი საუბარი იყო".

გიორგი რურუას მომდევნო სასამართლო პროცესი ორშაბათს, 25 მაისს 10 საათზე გაიმართება.