სხვა პრიმატებისგან განსხვავებით, ადამიანებს საკმაოდ გრძელი წვერის გაზრდა შეუძლიათ. ცხადია, რომ თმა სახეზე ხშირად არაჰიგიენურია: იზიდავს პარაზიტებს, აჩერებს საჭმლის ნარჩენებს, ხელს უშლის კანის სათანადო განიავებას და ა.შ, მაგრამ ზოგი წვერი ძალიან კარგად გამოიყურება, არა?

წვერი ესთეტიკის გარდა ბევრ ფუნქციას თითქოს არ ემსახურება (თუ რა თქმა უნდა ადგილობრივი ინდი ბენდის წევრი არ ხართ), თუმცა იუტას უნივერსიტეტის ბიოლოგებმა შენიშნეს, რომ წვერს რეალურად სახეში მიღებული დარტყმის შემსუბუქება შეუძლია.

ექსპერიმენტული დაკვირვების საფუძველზე, ბიოლოგებმა შენიშნეს, რომ წვერის სქელი საფარი დარტყმას მართლაც ამსუბუქებს. რეალური ადამიანებისთვის სახეში გარტყმა მეცნიერების სახელითაც არ შეიძლება, ამტიტომ ბიოლოგებმა ეთან ბესერისმა, სტივენ ნაელვეიმ და დევიდ კარიემ ექსპერიმენტისთვის თოჯინა გამოიყენეს.

რეალისტური ეფექტისთვის თოჯინა ცხვრის ტყავით იყო დაფარული. სახეში დარტყმა კი უბრალოდ დაკიდებულმა სიმძიმემ უზრუნველყო.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თმით დაფარული ნიმუში დარტყმისას მეტ ენერგიას შთანთქვდა, ვიდრე გაპარსული", — ამბობენ კვლევის ავტორები. "მაგალითად, ბეწვით დაფარული ნიმუშის შემთხვევაში დარტყმის მაქსიმალური ძალის შთათქმა 16%-ით, ხოლო მთლიანი ძალის ჯამის შთანთქმა 37%-ით მეტი იყო".

ამხელა სხვაობაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხშირმა წვერმა ადამიანი შესაძლოა სერიოზულ მოტეხილობას გადაარჩინოს.

მკვლევრებისთვის ეს ნიშნავს, რომ წვერის გაზრდას ერთგვარი ევოლუციური უპირატესობა ჰქონდა. მეცნიერები იგივს სხვა ცხოველებზეც ვარაუდობენ, მაგალითად ლომზე, რომელსაც დიდი ფაფარი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის ტყავგადაკრული თოჯინისთვის სახეში გარტყმა ნამდვილად სახალისო ექსპერიმენტია, ადამიანსა და ექსპერიმენტულ მოდელს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ადამიანის წვერი სიხშირით და სიმკვირვით განსხვავდება, შესაბამისად გაზოგადება ალბათ ნაადრევია.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ყბაში დარტყმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქალაში ტვინის წანაცვლებაა, რაც ტვინს სერიოზულ ზიანს აყენებს. საინტერესოა რამდენად შეუძლია წვერს ადამიანის მსგავსი სცენარისგან დაცვა.

კარიე კვლევის გაგრძელებას სხვა კუთხითაც აპირებს. მაგალითად, ალბათურია, რომ სახეში მიღებული დარტყმის სიმძლავრეს თხელი წვერიც კი ამცირებს იმიტომ, რომ შესაძლოა თავდამსხმელს თმის გამო ხელი აუცურდეს და ა.შ.

ახალი კვლევა 2013 დაწყებული ექსპერიმენტების სერიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ადამიანების ფიზიკურ დაპირისპირებებს შეისწავლიან. კერიემ და მორგანმა ერთ-ერთ კვლევაში ივარაუდეს, რომ ადამიანის ხელებიც კი ევოლუციურად ნაწილობრივ საჩხუბრად განვითარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები სექსუალურად დიმორფულები არიან, სავსებით ალბათურია, რომ პარტნიორისთვის ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება, სხვა ცხოველების მსგავასად, ევოლუციურად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი ანატომიაც ასახავს.

კაცის წვერი ჩარლზ დარვინისთვისაც საინტერესო იყო. მისი თქმით, შესაძლოა, რომ წვერს ადამიანები თავის დროზე პარტნიორის მოსახიბლად იყენებდნენ. შესაძლოა მიკერძოებული ვარ, რადგან მეც წვერი მაქვს, მაგრამ დარვინის ჰიპოთეზა საინტერესოდ ჟღერს.