ოსკარების დაჯილდოების 93-ე ცერემონიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა უცხოურ მედიაში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კინოსამყაროს ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილ დროს, შესაძლოა, არ გაიმართოს.

Variety-ის ცნობით, ამერიკის კინოაკადემია აქტიურად განიხილავს დაჯილდოების ჩატარების გადადებას. ამჟამინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ოსკარების შემდეგი ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალსაა დაგეგმილი.

პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ კინოაკადემიამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია: მომავალ დაჯილდოებაზე ისტორიაში პირველად საკონკურსოდ იმ ფილმებსაც განიხილავენ, რომელთა პრემიერაც კინოთეატრებში არ შემდგარა.

ამ სიახლის გავრცელებასთან ერთად აკადემიის თავჯდომარემ, დევიდ რუბინმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო წინასწარ არც იმის თქმა შეუძლიათ, თუ რა ფორმატში გაიმართება მომავალი დაჯილდოება და ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ.

როგორც ჩანს, წინ კიდევ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება კინოსამყაროში, ყველაფერი კი პანდემიის შედეგების მართვაზე იქნება დამოკიდებული.