საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუღებელსა და აბსურდულს უწოდებს სასულიერო პირების ნაწილის დამოკიდებულებას კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი ქცევა სახიფათოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და ეს არის ეკლესიის ჩარევა საერო საქმეებში.

"ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს და არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

არ შეიძლება, ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს მძიმე შედეგები. იმიტომ, რომ ისედაც არის გავრცელებული მოსახლეობაში [მსგავსი დამოკიდებულება] ფეისკნიუსების ფორმით", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინაზე, ისევე, როგორც ლუგარის ლაბორატორიაზე, საკმარისად არის გავრცელებული ფეიკნიუსები, რომელსაც მოსახლეობის ნაწილზე გავლენა აქვს, ამიტომ ყველა გონზე უნდა მოეგოს.

"ეკლესია არ არის მხოლოდ, აქ არის ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვაზე ლაპარაკი. გავრცელებული არის, ნაწილობრივ რუსული ფეიკნიუსები, ნაწილობრივ სხვა, იმაზე, რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის პრობლემატური, რომელმაც პირდაპირ გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა, საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოვეგოთ", — განაცხადა მან.

მაშინ, როცა მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი საშუალება შეიძლება იყოს, სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, ისინი უარს იტყვიან და მრველსაც ამისკენ მოუწოდებენ.