პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რიგითი მოქალაქე რომ ყოფილიყო, თავადაც ვერ გაიგებდა მის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ლიდერების შეწყალების შესახებ. ზურაბიშვილის თქმით, მძაფრი ემოციური რეაქცია ექნებოდა.

"სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი, მართალი რომ გითხრათ. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, გასაგებია. ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის იმიტომ, რომ ახლობელს ვეუბნებოდი, მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ასეთ გადაწყვეტილებაზე და მეც, ალბათ, ნაწილობრივ ვერ გავიგებდი", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ზურაბიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის საქმე ზუსტად ის არის, რომ რთულ დროს მიიღოს გადაწყვეტილებები და არ ელოდოს, რომ ამას საზოგადოება დააფასებს.

"დაფასება შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა. მთავარი ის არის, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო", — განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: