Სამი წარმატებული წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება.

სამი დღის განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის შთაგონების გაზიარების და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად უამრავი შესაძლებლობა ექნებათ. DataFest Online-ის ფარგლებში 22-24 მაისს სტუმრები მოუსმენენ საინტერესო გამომსვლელებს, დაესწრებიან საინტერესო ვორქშოპებსა და დატათონებს.

განრიგი

ღონისძიების განრიგი ასეთია: პირველ დღეს (22 მაისი) სტუმრები მოკლე ისნპირაციულ გამოსვლებს მოუსმენენ, სადაც სპიკერები ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ჟურნალისტიკა და ვიზუალიზაცია, ასევე მონაცემთა როლი ფინტექ ინდუსტრიაში. ამავე დღეს გაიმართება პანელური დისკუსია.

მეორე დღე დაეთმობა ვორქშოპებს, სადაც მონაწილეები მონაცემებთან მუშაობის ტექნიკურ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ვორქშოპები თემატიკის მიხედვით იქნება დაყოფილი.

მესამე დღეს კი ორი სხვადასხვა ე.წ. "დატათონი" გაიმართება, რომლებიც მონაცემთა ვიზუალიზაციას, მონაცემთა მეცნიერებას და მანქანურ დასწავლას შეეხება. შეჯიბრის შინაარსის გაცნობის შემდეგ მონაწილეებს მენტორებისგან საჭირო უნარ-ჩვევების სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც დატათონის ამოცანის გადაჭრაში იქნება საჭირო. გამარჯვებული გუნდები ფულადი და არაფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან.

ქომიუნითიდან მასშტაბურ ღონისძიებამდე

მონაცემების ფესტივალი უკვე 3 წლის განმავლობაში ტარდება და მის სცენაზე ჯამში 150-ზე მეტი გამორჩეული სპიკერი წარსდგა. ამ ტრადიციას DataFest-ის ონლაინ გამოშვებაც არ ჩამორჩება — ღონისძიება უმასპინძლებს სპიკერებს და ტრენერებს ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა ნიუ-იორკ ტაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა.

"მონაცემთა მეცნიერება, ვიზუალიზაცია და მანქანური დასწავლის მეთოდები ასეთი აქტუალური აქამდე არასდროს ყოფილა. თანამედროვე ორგანიზაციები ბიზნეს საინფორმაციო სისტემების საშუალებით სულ უფრო მეტ უნიკალურ მონაცემებს აგროვებენ. ხშირ შემთხვევაში მონაცემთა მეცნიერების მიდგომები იძლევა ამ მონაცემებიდან ღირებული და სხვაგვარად დამალული ინფორმაციის ამოღების საშუალებას", — აცხადებს MaxinAI-ს აღმასრულებელი დირექტორი და DataFest-ის ორგანიზატორი გიორგი ჯვარიძე.

მისივე თქმით, მანქანური სწავლების მეთოდები წარსულის მონაცემებზე დაყრდნობით მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა — "მე მჯერა, რომ მომავალში მანქანური დასწავლა ყველა წარმატებული ორგანიზაციის ნაწილი იქნება".

ლაშა ანთაძე DataFest Online-ის სპიკერი და კომპანია Shelf.Network-ის დამფუძნებელია, რომელიც ავტომობილებით სავაჭრო საერთაშორისო საარბიტრაჟო ქსელს ქმნის და სერვისში ჩართულ მხარეებს პროცესების კოორდინაციაში ეხმარება.

"მონაცემების დამუშავება როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესია და რეალობის დადგენის ყველაზე სწორი სტატისტიკური მეთოდია. ბოლო პერიოდში მონაცემთა ვიზუალიზაციის პოპულარიზაციამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ სფეროს აღქმის გამარტივებასა და მნიშვნელობის გაზრდას ყოველდღიურ ცხოვრებაში." — აცხადებს ლაშა.

ღონისძიების მნიშვნელობა

ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაცემთა მეცნიერების ე.წ "ქომიუნითის" ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს. დროთა განმავლობაში ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რასაც გასული წლის DataFest 2019-იც მოწმობს, რომელსაც ათასზე მეტი დამსწრე ჰყავდა.

"DataFest Tbilisi Online-ზე დასწრება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს მენეჯერი, რომელსაც ორგანიზაციაში დაგროვებული მონაცემებიდან მეტი ღირებულების შექმნა და პროდუქტში ხელოვნური ინტელექტის ელემენტების ჩამატება სურს ან პროგრამისტი, რომელსაც მანქანური დასწავლის მეთოდების სწავლა აინტერესებს. რა თქმა უნდა, ღონისძიება ჟურნალისტებისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან ისინი აქ მონაცემებთან მუშაობის უნარების გამტკიცებას შეძლებენ." — აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი.