როდესაც საქმე საყვარელი ადამიანისა თუ საკუთარი თავისთვის სადღესასწაულო ნამცხვრის შეკვეთას ეხება, ყველას გვინდა, რომ ტორტი ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩავიფიქრეთ. ეს კი არც ისე მარტივი მისიაა და სწორედ ამიტომაა რომ ნამცხვრებისთვის კრეატიული დიზაინის მორგების წარუმატებელი მცდელობების უამრავი მაგალითი გვახსენდება. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს საკონდიტროები, რომლებიც მსგავს დავალებას წარმატებით გაართმევენ ხოლმე თავს და სწორედ ერთ–ერთი მათგანია საკონდიტრო ფენაც.

ფენა ქუთაისში მდებარე საკონდიტროა და საკუთარი დესერტებით ულამაზესი დიზაინისა და სახლური გემოს ნაზავს გვთავაზობს. ფენაში უამრავი სახეობისა თუ ვიზუალის დესერტს შეხვდებით, მათ შორის მრავალსართულიან და ლამაზ ნამცხვრებსაც. სახელწოდების ინსპირაციაც სწორედ ნამცხვრის ფენები იყო.

საკონდიტრო 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა და უკვე არაერთი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რაც ძალიან ახარებთ, ვინაიდან როგორც თვითონ გვეუბნებიან: "ქუთაისში საკმაოდ მომთხოვნი მომხმარებლები არიან და უმცირესი დეტალიც კი არ რჩებათ ყურადღების მიღმა."

ფენას დამაარსებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კორონავირუსის გამო შეჩერებულ ბიზნესთან გამკლავება იყო, თუმცა, ამ დაბრკოლებას თავი უფასო მიტანის სერვისის დანერგვითა და უამრავი სახალისო აქციის წამოწყებით გაართვეს.

ფენას დესერტების ვიზუალზე მათი დიზაინერი მუშაობს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მეშვეობით ქმნის ზუსტად ისეთი ვიზუალის ტორტს, როგორსაც შეუკვეთავთ. თუმცა, როგორც თვითონ გვიყვებიან, ულამაზესი დიზაინებს მიუხედავად, მათი მთავარი ნიშა მაინც ხარისხი და ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე შექმნილი ძველი და ახალი გემოების ფართო ასორტიმენტია. ამ ასორტიმენტს, როგორც გვეუბნებიან, რამდენიმე თვეში სიახლეც შეემატება: ცომეული და სწრაფი კვება, სენდვიჩები, ვრაპები და ა.შ. გარდა ამისა, მალე ქუთაისში ფენას კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება.

როგორც უკვე ვახსენეთ, საკონდიტროს აქვს მიტანის სერვისიც და სასურველი დესერტის შეკვეთა ახლავე მათი ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც შეგიძლიათ.

სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.