ისეთი ცნობილი რეჟისორების შემდეგ, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, ნოა ბაუმბახი და ალფონსო კუარონი, მალე კიდევ ერთი გამორჩეული კინოხელოვანის, სპაიკ ლის ნეტფლიქსთან თანამშრომლობის შედეგს ვიხილავთ.

Da 5 Bloods — ასე ჰქვია სპაიკ ლის ახალ ფილმს, რომელიც ვიეტნამში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს და მასში მთავარ როლს მარველის ბლოკბასტერის Black Panther ვარსკვლავი ჩედვიკ ბოუზმენი ასრულებს.

ფილმის პირველი ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა:

ფილმის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ: "სპაიკ ლის ახალი ფილმი ოთხი აფროამერიკელი ვეტერანის — პოლის, ოტისის, ედისა და მელვინის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ომის შემდგომ ვიეტნამში დაბრუნდნენ, რათა მათი დაღუპული რაზმის ლიდერის ნაწილები იპოვონ".

2018 წელს გამოსული BlacKkKlansman-ის შემდეგ ეს სპაიკ ლის პირველი ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. წინა ფილმმა ოსკარის ექვსი ნომინაცია მიიღო და კინოგაქირავებაში წარმატებით მისმა შემოსავლებმა $93 მილიონი შეადგინა.

Da 5 Bloods-ის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, სადაც სპაიკ ლი ამავდროულად ჟიურის თავჯდომარე უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ფესტივალი წელს ტრადიციული ფორმით აღარ გაიმართება.

სამაგიეროდ ვიცით, რომ ფილმის პრემიერა ნეტფლიქსზე 12 ივნისს შედგება და კინომოყვარულებსაც ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ამერიკელი კინოხელოვანის ახალი ნამუშევრის შეფასების შესაძლებლობა ექნება.