იაპონიაში მდებარე ნარას პარკიდან ადგილობრივმა ფოტოგრაფმა შთამბეჭდავი ვიდეო გამოაქვეყნა — საკურას ყვავილებით დაფარულ პარკში ირმებმა და შვლებმა გაისეირნეს და ზღაპრული ადგილი ისე მოეწონათ, დასასვენებელი ადგილიც მოინიშნეს.

ვიდეო აპრილშია გადაღებული, თუმცა ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავირუსდა. ფოტოგრაფი კაზუკი იკედა საქორწინო ფოტოსესიის დაგეგმვამდე ეწვია ცარიელ პარკს და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ სივრცე ცხოველებს ჰქონდათ ათვისებული.

ხალებიანი ირმები ნარას პარკს ხშირად სტუმრობენ, ტურისტები მათთვის კრეკერებსაც ყიდულობენ ხოლმე.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალური დისტანცია სავალდებულო გახდა და პარკში ტურისტებისა და ადგილობრივების რიცხვი შემცირდა, ირმებმა საკვების საძებნელად ქუჩებში გადაინაცვლეს. მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემსუბუქდა და დისტანციის დაცვით სეირნობა დასაშვები გახდა, ირმებიც დაბრუნდნენ პარკში.