როდესაც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში კორონავირუსს ომი გამოუცხადა, მთელი ქვეყანა კარანტინში მოექცა, მოსახლეობას კი მარტო გადაუდებელ შემთხვევებში მიეცათ სახლიდან გასვლის უფლება. ამიტომ საფრანგეთის მთავრობამ მაისიდან ბიზნესის ნელ-ნელა გამოცოცხლება და სკოლების გახსნა რომ დაუშვა, ხალხი დაბნეულობამ მოიცვა.

Le Monde-მა, საფრანგეთის წამყვანმა ყოველდღიურმა გაზეთმა, მსგავსი შფოთვის გამოვლინებები თავის განახლებად ბლოგში ასახა, სადაც მკითხველებისგან შესულ უამრავ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. "ჩემმა მეზობელმა მეგობრები ბარბექიუზე დაპატიჟა და ამით მათ შინ დარჩენის მოთხოვნა ფაქტობრივად უგულებელყვეს; როგორ უნდა მოვიქცე?" — კითხულობდა ერთი. "თუკი მე ბავშვების სკოლაში გაშვება არ მინდა, სანქციები დამეკისრება?" — ინტერესდებოდა სხვა (მეორე კითხვაზე პასუხი უარყოფითია, რაც იმ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სკოლები რესპუბლიკის ქვაკუთხედადაა მიჩნეული და მათი ფუნქციონირება ეკონომიკის გამოცოცხლებისთვისაც აუცილებელია, ერთობ მნიშვნელოვანი სიახლეა).

რამდენიმე კვირის წინ დაწესებული კარანტინით ევროპის მთავრობებმა ადამიანების თავისუფლება შეზღუდეს და სიცოცხლეთა გადასარჩენად მოქალაქეებს სახლში დარჩენა მოსთხოვეს. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თვითიზოლაციის აუცილებლობა იკლებს, შეზღუდვები მსუბუქდება, რაც, თავის მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსახლეობას. მთავრობები ძველებურად გაავრცელებენ ჯანდაცვის ორგანოების დირექტივებს და თავად გადაწყვეტენ, როდის და როგორ გაიხსნებიან სკოლები და ბიზნესები. თუმცა მილიონობით ადამიანს მაინც დამოუკიდებლად მოუწევს ბევრი პატარა თუ დიდი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განაგრძოს ყოველდღიური ცხოვრება ისე, რომ მაქსიმალურად შეამციროს ინფიცირების, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების და შემოსავლის გარეშე დარჩენის რისკები.

საფრანგეთში კარანტინისეული შეზღუდვები მარტში დაწესდა, როცა მაკრონმა COVID-19-ს ომი გამოუცხადა.

ფოტო: Andrea Mantovani / The New York Times

საარსებო წყაროსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი მხოლოდ ეკონომიკური ან პოლიტიკური საკითხი არაა. ეს ფილოსოფიური საკითხიცაა, რომლის შედეგებსაც მომდევნო წლებში ვიხილავთ. "ეს ნამდვილად რთული მორალური არჩევანია", — აღნიშნავს ფრანგი ფსიქოლოგი და ნევროლოგი, ბორის სირულნიკი, — "თავისუფლება სიკვდილის შემთხვევებს გაზრდის; შეზღუდვები კი, მართალია, სიკვდილიანობას ამცირებს, თუმცა ეკონომიკას დიდად აზარალებს".

სირულნიკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, ე.წ. enfant caché, "გადამალული ბავშვია" — ის ერთ-ერთია იმ ათასობით ებრაელ ბავშვს შორის, რომლებიც მშობლებმა სხვა ოჯახებს მიანდეს აღსაზრდელად, რათა გენოციდისგან დაეცვათ. იგი ახლა ფსიქოლოგიური გამძლეობის სფეროს ექსპერტია. ის კორონავირუსის პანდემიას ფართო კონტექსტში აანალიზებს: "პანდემიები ნეოლითური ხანიდან მოყოლებული ხდებოდა, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა: კორონავირუსმა შეაფერხა დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებული უპრეცედენტო მასშტაბის სიმშვიდის, წარმატებისა და აყვავების პერიოდი".

მთავარი კითხვა ახლა ისაა, თუ როგორ მოვიქცევით, როცა სახლებიდან გამოსვლისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება ოფიციალურად მოგვეცემა; რამდენად განვეწყობით ნდობით საკუთარი თავების, თანამემამულეების და ჩვენი მთავრობების მიმართ? ნდობის ხარისხი კონტინენტური ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს შტატებს შორის უკვე ურთიერთგანსხვავებულია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ იმ დროს ვუახლოვდებით, როცა მოსალოდნელ თავისუფლებას კიდევ უფრო მეტი შფოთვის გამოწვევა შეეძლება, რადგან დამოუკიდებელ ინდივიდებს — და არა მხოლოდ მთავრობებს — დაგვეკისრება პასუხისმგებლობა; სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი რთული იქნება.

ვენაში პოლიცილიები იცავენ სკოლის შესასვლელს მას შემდეგ, რაც დაწესებულებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის შესახებ გაჩნდა ეჭვი, 2020 წლის 26 თებერვალი.

ფოტო: REUTERS

ზოგიერთი ადამიანი სტოკჰოლმის სინდრომს განიცდის, როცა თავისი სახლის საზღვრებს იმდენად ეჩვევა, რომ გარეთ შემხვედრ უცხო ადამიანებს საფრთხედ აღიქვამს. ამ დროს გვიჩნდება ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა: როგორ დავიჯეროთ, რომ ავად გახდომის შემთხვევაში სხვებიც ჩვენსავით სახლში დარჩებიან? საიდან ვიცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცხო ადამიანები არ დაგვაინფიცირებენ? როგორ დავრწმუნდეთ, რომ კომპანიები სადეზინფექციო სამუშაოებს საკმარისად ხშირად ატარებენ? როგორ შეძლებენ დისტანციის დაცვას დიდ ოფისებში?

პარიზში ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სახლში მუშაობის და შინიდან სწავლის რეჟიმის გამო გაგიჟების ზღვარზე არის და ერთი სული აქვს, როდის გაუშვებს ბავშვებს სკოლაში. ზოგი კი პირიქით, სიფრთხილეს იჩენს და შვილების სახლში დატოვების იდეას ანიჭებს უპირატესობას. ზოგს ამ ზაფხულს არსად გაფრენა არ სურს. ზოგი კი, პირიქით, ამ წლის არდადეგების ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გატარებას აპირებს, რაც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის გამოჩენამდე ჰქონდათ დაგეგმილი. ახალ ნორმებთან შეგუება რთულია. ჩვენი ქმედებები დიდხნიან ურთიერთობებს შეცვლიან, რადგან გაცილებით იოლად განვსჯით სხვებს იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი მეგობრები და ნათესავები პირადი ინტერესების კარნახით მოქმედებენ და არ ითვალისწინებენ საზოგადო კეთილდღეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. ჩვენ ყველანი სამეცნიერო, პოლიტიკური და სოციალური ექსპერიმენტის ცდისპირები ვართ.

ევროპის დიდი ნაწილი პანდემიის ფაზათა გავლის მხრივ წინ უსწრებს აშშ-ს, რის გამოც ამ უკანასკნელისთვის უახლოეს მომავალში მაგალითის მიცემა შეუძლია (ჯორჯიის შტატი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან მან დანარჩენ ქვეყანას ზოგიერთი ბიზნესის გახსნა დაასწრო). ევროპის ზოგიერთ ნაწილში დაავადების გავრცელების მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე დანარჩენში. ამიტომაც ევროპას არ აქვს საერთო გეგმა პანდემიასთან დაკავშირებით. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც COVID-19-ით 28 ათას ადამიანზე მეტია დაღუპული, ბიზნესებმა და სკოლებმა (მაგრამ არა უნივერსიტეტებმა) 11 მაისიდან ფუნქციონირება ნაწილობრივ განაახლეს. თუმცა გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია და ფიზიკური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება ტრანსპორტსა და სკოლებში კვლავ აუცილებლობად რჩება. კაფეებისა და რესტორნების გახსნაზე კი სახელმწიფო მოგვიანებით იფიქრებს.

დანია ევროპაში პირველი იყო, რომელმაც დაწყებითი სკოლების გახსნა დაიწყო.

ფოტო: Emile Ducke / The New York Times

იტალიაში, სადაც COVID-19-ით 32 ათას ადამიანზე მეტია დაღუპული და რომელიც სრულ კარანტინში საფრანგეთამდე მოექცა, ბიზნესები მაისის დასაწყისიდან მოყოლებული ნელ-ნელა იხსნებიან. რესტორნები და სალონებიც იწყებენ მუშაობას, თუმცა ფიზიკური დისტანციის წესების დაცვა კვლავ აუცილებელია. სკოლები შემოდგომამდე არ გაიხსნება — ეს გადაწყვეტილება მოხუცების დაცვის მიზნითაა მიღებული, რადგანაც ისინი, ძირითადად, თავიანთი შვილიშვილების სიახლოვეს ცხოვრობენ (ამასთან, რადგან იტალიაში ბავშვებს ძალიან ხშირად სწორედ ბებია-ბაბუები უვლიან, ჩნდება დამატებითი კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიხედავს პატარებს, როცა მათი მშობლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან).

ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ, ავსტრიამ, შესაბამისი ზომები დროულად მიიღო და უკვე აპრილში მისცა ზოგიერთ ბიზნესს საქმის გაგრძელების საშუალება, მაისში კი სკოლების გახსნაც აქვს დაგეგმილი. დანიაში სკოლები უკვე გაიხსნა. შვედეთში კი სრული კარანტინი არც არასოდეს გამოცხადებულა: ამით, მართალია, ქვეყნის ეკონომიკა დიდ ზარალს გადაურჩა, თუმცა სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით იქ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები დაიკეტა, ბევრი ბიზნესი ფუნქციონირებას კარანტინის პირობებშიც განაგრძობდა, რითაც დამატებითი წნეხის ქვეშ მოექცნენ ამ კომპანიების კონკურენტები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ოპერირებენ, სადაც წარმოების დიდი ნაწილი რამდენიმე კვირით შეჩერდა.

ევროპის მასშტაბით ხალხმა არ იცის, თუ რას უმზადებს მათ მომავალი. "პირველი ფაზა კარანტინი იყო. ახლა ნელ-ნელა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად როდის და როგორ მოხდება ეს", — ამბობს ბერლინში მცხოვრები იანა პუგლერინი, ევროპული საბჭოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, — "რა უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი? ბავშვების სკოლაში გაშვება თუ დღისით მათზე და მოხუცებზე ზრუნვის უზრუნველყოფა? ან, იქნებ, მაღაზიების გახსნა?"

მთავრობებს მსგავსი შეზღუდვები 1918 წლის პანდემიის დროს არ შემოუღიათ, თუმცა იმდროინდელი კრიზისი მაინც ჭკუის სასწავლებელია. "როცა გარეგანი საფრთხე ჩნდება, ხალხი, როგორც წესი, ერთიანდება, რადგან ასეთ დროს ადამიანები, გარკვეულწილად, საკუთარი იდენტობის გადაფასებას იწყენებ", — ამბობს ლაურა სპინი, წიგნის, ფერმკრთალი მხედარი: 1918 წლის ესპანური გრიპი და როგორ შეცვალა მან მსოფლიო, ავტორი, — "ეს მაინც ეგოისტური საქციელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგო იმ ჯგუფს უტოლდება, რომელიც საერთო საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ როცა საფრთხე უკან იხევს, კოლექტიური ეგოც დაშლას იწყებს. და, აი, სწორედ ამ ფაზაში იჩენს თავს ის, რასაც ჩვენ ცუდ საქციელს ვუწოდებთ, რაც ტრადიციული გაგებითაა ეგოისტური და აღარაფერი აქვს საერთო პანდემიით დაბადებულ ახალ, გამაერთიანებელ გრძნობასთან".

ესპანური გრიპის დროს საგანგებოდ მოწყობილი საავადმყოფო. კანზასი, აშშ, 1918 წელი.

ფოტო: AP Photo / National Museum of Health

1918 წელს, პანდემიის დროს აშშ-ში ხალხი თავიდან ჯანდაცვის ორგანოების დირექტივებს ითვალისწინებდა, თუმცა "დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ვაქცინები დაავადებას ვერ უმკლავდებოდა, რამაც ექიმებისადმი ნდობა შეამცირა", — ამბობს სპინი, — "ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად მიღებული ზომების საზოგადოების მხრიდან დაცვა გარანტირებული მოცემულობა ნამდვილად არაა. ამიტომ მთავრობებმა გულდასმით უნდა იმუშაონ იმაზე, თუ რა ფორმით აგვიხსნიან შეზღუდვების აუცილებლობას, რათა მოსახლეობამ მათი დაცვა გააგრძელოს". ამ დროს განსაკუთრებით სარისკო ის პერიოდია, როცა სახელმწიფოს მიერ შემოღებული წესები თითოეული ინდივიდის პირადმა პასუხისმგებლობამ უნდა ჩაანაცვლოს.

ევროპა, სადაც ქვეყნები შეზღუდვებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მასშტაბით ხსნიან, იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რა პრობლემის წინაშეც აშშ დგას. ევროკავშირი, მართალია, ფედერაციული გაერთიანება არაა, მაგრამ თეორიულად მისი 27 წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს ქვეყნიდან ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვთ. ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება გავლენას მის მეზობელ ქვეყანაზე ახდენს — ასეთი დამოკიდებულება არსებობს აშშ-ს შტატებს შორისაც; და ზუსტად ასეთ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებზე და მთელ საზოგადოებაზეც.
ევროპაში ლიდერები კი ცდილობენ, ერთპიროვნულად მართონ პროცესები, მაგრამ რეალური გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების მიერ იქნება მიღებული — როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე (თავის მხრივ, ევროკავშირმაც მიიღო გარკვეული ზოგადი წესები, თუმცა მას არ აქვს საკმარისი ძალაუფლება, რომ ისინი მთელი ბლოკის მასშტაბით აამოქმედოს).

სირულნიკი ამბობს, რომ მაშინაც კი, როცა ჩვენ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში ძველებურ თავისუფლებას დავიბრუნებთ, ეს პანდემია ყოველთვის შეგვახსენებს იმას, თუ სად გადის ჩვენი თავისუფლებათა ზღვარი: "თავისუფლებას თავისი ხარისხები და დონეები აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ იმაზე მეტად ვართ გარემომცველი რეალობის მიერ შეზღუდულნი, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ". უახლოეს მომავალში ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს: წავიდეთ სკოლაში თუ არა; გავემგზავროთ მოგზაურობებში თუ დავრჩეთ სახლში. ჩვენი გადაწყვეტილებები ინფექციის გავრცელების მაჩვენებელსა და მთავრობების შემდგომ პოლიტიკაზე იქონიებს გავლენას. ის, თუ როგორ არჩევანს გავაკეთებთ ნდობასა და შიშს შორის, არა მარტო შინაგანად გარდაგვსახავს, არამედ იმასაც შეცვლის, თუ როგორი მეგობარი, ოჯახის წევრი და მეზობელი ვართ.