ახლახან NASA-მ არტემისის მისიის ფარგლებში მთვარის შესწავლის ახალი სტანდარტები წარადგინა. სააგენტოს იმედი აქვს, რომ სხვა ქვეყნები შეთანხმებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადამიანის მთვარეზე ქცევასა და მის შესწავლას ეხება, მხარს დაუჭერენ.

NASA-ს არტემისის პროგრამა მიზნად 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე გაშვებას ისახავს.

"მთვარეზე გამგზავრებისთვის ქცევების გარკვეული სისტემა გვჭირდება", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა შეხვედრაზე. "და თუკი თქვენ ამ სისტემას ემხრობით, არტემისის პროგრამაში ჩვენ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ".

კოსმოსური სივრცის გამოყენების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება უკვე არსებობს — იგი 1967 წელს დადგინდა. შეთანხმება უამრავ სახელმძღვანელოს აერთიანებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სახელმწიფოები კოსმოსში. კოსმოსური სივრცის გამოყენება მშვიდობიანად უნდა წარიმართოს, აკრძალულია კოსმოსში არსებული ობიექტებისადმი სუვერენული პრეტენზიების გამოთქმა, ასევე დაუშვებელია საკვლევი ადგილების დაბინძურება.

"კოსმოსური სივრცის გამოყენების შეთანხმება საკმაოდ ბუნდოვანია — 'სახელმწიფოებმა ციური სხეულების დაბინძურება უნდა აღკვეთონ', ახლა კი ჩვენ უნდა გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა არტემისის მისიის ფარგლებში", — აცხადებს კოსმოსური კანონების მრჩეველი კრისტოფერ ჯონსონი.

სააგენტოს მიზანს ხელშეკრულების დასადებად საჭირო სტანდარტული პროცესის გარეშე შეთანხმების შემუშავება წარმოადგენს, რომელიც ხანდახან საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ხოლო რადგანაც NASA-ს მთვარემდე მიღწევა 2024 წლისთვის სურს, საჭიროა აჩქარება.

"ჩვენ არ ვაპირებთ დავიცადოთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, რომელიც ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვძლია მთვარეზე წავიდეთ და გამოვიყენოთ მისი რესურსები. ამას კი სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში განვახორციელებთ", — აცხადებს ჯონსონი.

არტემისის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება უსაფრთხო ზონა, სადაც ასტრონავტები მუშაობასა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობას შეძლებენ.

შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებმა მთვარეზე მოპოვებული რესურსების გამოყენება თავისუფლად შეძლონ. ასევე, დიდი ხანია, რაც NASA-ს მთავრეზე ყინულის მოპოვება სურს, რომელსაც შემდეგ ან სასმელი წყლისთვის ან რაკეტის საწვავად გამოიყენებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული დებატები მიმდინარებს, კოსმოსური სივრცის გამოყენების შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოებს კოსმოსში საკუთრების ფლობის უფლება არ აქვთ.

თუმცა, აპრილის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მთვარისა და სხვა ობიექტების რესურსების გამოყენება დაშვებულია. ახლა კი NASA-სა და ტრამპის ადმინისტრაციას იმედი აქვთ, რომ სხვა ქვეყნები კოსმოსური რესურსების გამოყენებაზე თანახმანი იქნებიან.

ბრიდენსტინის მიხედვით, ზოგიერთი ქვეყანა, იაპონიისა და კანადის ჩათვლით, მსგავს მიდგომას ემხრობა, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეთანხმებისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამს.