ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ფიქრობს, რომ კომპანია ფრონტერას საკითხზე სენატორების განცხადებები მხარს უჭერს საქართველოში პრორუსული ნარატივის გაძლიერებას. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც "ასე რეაგირებას სამართლებრივ საკითხებზე". მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკოსი ქვეყნის საშანო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევა.

დეპუტატმა მოუწოდა პრორუსული გავლენის მკვლევარ ორგანიზაციებს, რომ ასეთი ტიპის ჩარევებს ყურადღება მიაქციონ.

"მე ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს ასეთი ტიპის ჩარევებს, როდესაც ის სწავლობს რაიმე ტიპის რუსულ პროპაგანდაზე. დასავლეთი ერთის მხრივ ხარჯავს ფულს, თითქოს პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს საქართველოში, მათ გაღრმავებას", — განაცხადა მან.

ფრონტერას საქმე

Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფს და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევს. ფრონტერა ამასაც უარყოფს.

ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრონტერას უკვე აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებენ ფრონტერას, შეასრულო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.

ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.