ფრანგი მსახიობი ვინსენტ კასელი, რომელსაც მაყურებლები ისეთ ცნობილ ფილმებში შესრულებული როლებით იცნობენ, როგორებიცაა Eastern Promises, La Haine და Black Swan, ფიქრობს, რომ Marvel-ის ან DC-ის სამყაროში მისი ადგილი არ არის.

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს, რომ სერიალ Westworld-ში მონაწილეობის შემდეგ თუ არსებობდა შანსი, რომ კომიქსის გმირების შესახებ გადაღებულ ფილმებშიც გვეხილა, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

"სიმართლე რომ ვთქვა, მსგავსი ტიპის ფილმებს აღარ ვუყურებ. როცა პირველად გამოჩნდა ეს ფილმები თავისი შთამბეჭდავი ტექნოლოგიებით და იმის გამო, რომ რკინის კაცი ან ადამიანი-ობობა ეკრანზე ნამდვილებივით გამოიყურებოდნენ, მაშინ მათით დაინტერესებული ვიყავი. შემდეგ კი ეგ ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა".

როგორც 53 წლის მსახიობი აცხადებს, მსგავსი ფილმები ბავშვებისთვისაა:

"როცა ბავშვი ვიყავი, კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმების დიდი ფანი ვიყავი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს ფილმები მხოლოდ ბავშვებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემში კვლავ არის ბავშვობის ნაწილი, მაინც არ მსურს ამ ფილმების ყურება".

ვინსენტ კასელი სერიალში Westworld

ფოტო: HBO

ამის მიუხედავად, ვინსენტ კასელი ბოლომდე მაინც არ გამორიცხავს, რომ მსგავს ფილმში მიიღოს მონაწილეობა:

"თუ ვინმე საკმარისად ჭკვიანი და ნიჭიერი დაწერს ისეთ სცენარს, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილი არ იქნება და მასში ვინმე გამორჩეული უარყოფითი გმირის როლი იქნება შესასრულებელი, მაშინ შეიძლება ამას დავთანხმდე. მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს გამორიცხულია", — ამბობს ის.

სატელევიზიო შოუების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ცოტა ხნის წინ ვინსენტ კასელი HBO-ს გახმაურებული სერიალის Westworld-ის მესამე სეზონში გამოჩნდა, რომელმაც მაყურებლებისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.