პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში არცერთი ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცოტა პაციენტი ჰყავთ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სტაბილურია და მალე გაწერენ. მისივე თქმით, შესაძლოა, კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავიდეს.

რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ელოდებიან 11 პაციენტის ტესტის პირველად პასუხს.

"ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს, 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. ყველას რაოდენობა სტაბილურია, მხოლოდ ერთი გყვავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით დადებით დინამიკაში არის.

დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება და კლინიკური ნიშნები არ აქვს. ვაკვირდებით მხოლოდ და მხოლოდ და ველოდებით პროტკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ეს პაციენტები ყველა დატოვებს კლინიკას", — განაცხადა მან.

18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 701 გახდა. ამასთან, 432-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც — ვირუსი კიდევ 7 ადამიანმა დაამარცხა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ბოლნისის კლასტერიდან, 3 კი ზუგდიდში დადასტურებულთან კონტაქტის შემთხვევები. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შესვლისთანავე გადაიყვანეს რეანიმაციულ დეპარტამენტში.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: