საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლგბტქი+ თემის უფლებები მეტ ყურადღებას საჭიროებს როგორც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში.

"ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და შემოსავლისა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.

განცხადების ხელმომწერები ასევე მიესალმებიან ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.

"ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში", — აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ სოლიდარობის მაგალითებზეც, რაც მოქალაქეებმა კორონავირუსის დროს გამოავლინეს და იმედოვნებს, რომ მომავალში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზეც გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

"ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება", — აღნიშნილია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში;
  • ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში;
  • ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში;
  • საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღეს საქართველოს საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის" დაცვის დღეს აღნიშნავს. ილია მეორემ ეს "დღესასწაული" მას შემდეგ დააწესა, რაც 2013 წლის 17 მაისს მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს.