პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა, რადგან ხალხის რისხვის შეეშინდებოდა. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"მე არ ვამბობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, შეიძლება შეცდომა იყოს და ეს გამოჩნდეს მომავალში, მაგრამ გამბედაობა ამას ნამდვილად უნდოდა. მე ვერ მაიძულებდა ვერანაირი ძალა, ზუსტად იმიტომ, რომ შემეშინდებოდა ხალხის რისხვის და ქალბატონ სალომეს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ამის არ ეშინია", — თქვა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო და საქართველოში ძალიან ცოტაა ეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მძიმე ტვირთს აიღებდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ლიდერებმა "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: