საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე მმართველი პარტიის რეაქცია მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ. ამ თემაზე პრეზიდენტმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის წერილობითი პასუხი ეთერში ინგა გრიგოლიამ წაიკითხა.

"ჩემი გადაწყვეტილება ჩემია და ესეც ნათლად ჩანს ჩემს გამოსვლაში, რომლის ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე. რაც ეხება მმართველი პარტიის რეაქციას, ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ. დანარჩენი ლოგიკურად მათგან უნდა გაიგოთ", — თქვა პრეზიდენტმა TV პირველთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ლიდერებმა "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: