25 ნოემბერს, თბილისში ქალთა უფლებადამცველები 2 აქციას გამართავენ.

ორგანიზაცია ქალთა მოძრაობა, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, მოქალაქეებს 13:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებას მოუწოდებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2015 წელს 112-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია.

ქალთა მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის შექმნას მოითხოვს:

"ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი."

ღამის აქცია-მსვლელობას გამართავს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. მსვლელობა 21:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაენის ბაღამდე მოეწყობა.

"მსვლელობის მიზანია სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. 25 ნოემბერს ჩვენ და ყველა ის ქალი, ვისაც აწუხებს ქალების მიმართ სექსუალური შევიწროვების საკითხი ვიკრიბებით, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, როდესაც ჩვენზე ძალადობენ. ჩვენ ვიკრიბებით, რათა მოვითხოვოთ შიშის, შევიწროებისა და ძალადობისგან თავისუფალი რეალობა."

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელს მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან.