ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტსა და მათ შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა.

"მე ფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს იმას, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც ჩადის დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულის ჩადენის გამო", — თქვა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის აზრით, ბუნებაში არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა, რომლის პირობებშიც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. მისი თქმით, მოსახლეობა წერტილს დაუსვამს ამ დისკუსიას.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ლიდერებმა "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: