ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ქართული ოცნების წევრებს მიმართავს, რომ ისტორიის სწორ მხარეს გადასვლა გვიან არასდროს არაა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე გუნდი მოატყუა და ზურგი აქცია, ახლა კი პარტიის წევრებიც ასე უნდა მოიქცნენ.

"საბოლოო ჯამში, რა ვიხილეთ, ასევე შეგაწმინდავთ ხელს [ბიძინა ივანიშვილი]. ამიტომ სანამ დროა, ჩემი თხოვნაა, არასდროს არაა გვიან გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს, თქვენ მგონი უკვე თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ წარმატებები, გილოცავთ ამ მოპოვებულ გამარჯვებას, ხაზს ვუსვამ მოპოვებულს, ეს გამარჯვება ციდან არ ჩამოვარდნილა", — თქვა ნიკა მელიამ.

მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, აღარ შევიდეს პოლემიკაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა რურუა, რათა 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ლიდერებმა "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: