ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულნი არიან. ისინი წერილით მიმართავენ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს.

"გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის მოშლასა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რომლებიც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება", — აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები არიან სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.

"ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ:

  • საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
  • მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს რუსეთის მთავრობასთან;
  • პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე;
  • არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში.

საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც საპასუხოდ საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს.

მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს", — აღნიშნულია წერილში.