ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო. ამ თემაზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მე დღეს, სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, თუმცა მოტივაცია პრეზიდენტის გასაგებია და ისიც გასაგებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან ახსნა. ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში "რადიკალურ ოპოზიციას" შეიძლება "სპეკულაციების" მეტი საფუძველი მიეცეს.

"ერთია პრაგმატულობა და რამდენად სწორია პრაგმატულებაზე ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს ორგანიზებაში, მონაწილეობაში, პარლამენტის შტურმისა", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის ლიდერებმა, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვეს. მათი შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.