ბარაკ ობამამ 21 ადამიანი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. ესაა ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც შეიძლება ამერიკის მოქალაქემ მიიღოს. ცერემონია 22 ნოემბერს თეთრ სახლში გაიმართა.

ჯილდო მიიღო პოპულარული შოუს Ellen-ის წამყვანმა, კომიკოსმა და ფილანტროპმა ელენ დეჯენერესმაც.

ბარაკ ობამამ ელენ დეჯენერესის სიმამაცეს გაუსვა ხაზი, როდესაც ჯერ კიდევ თითქმის 2 ათწლეულის წინ ის არ შეუშინდა საზოგადოების რეაქციას და თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ისაუბრა:

"მარტივი დასავიწყებელია რა გამოიარე, როცა ძალიან შორს წახვალ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქორწინების უფლება კანონით ყველას თანასწორად ეკუთვნის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა სიმამაცე დასჭირდებოდა ელენს, თითქმის 20 წლის წინ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა. როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მაშინ, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომ გვენახა, რომ ვიღაც, ასეთი სიკეთით სავსე და ნათელი, ვინც ასე ძალიან მოგვწონდა, ვინც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მეზობელი, კოლეგა ან და, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას იკისრებდა.

მან გარისკა თავისი კარიერა, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ. ელენი ჩვენ გვაერთიანებს, შთაგვაგონებს, ერთი ხუმრობითა და ერთი ცეკვით ის უკეთესად გვხდის" - თქვა დაჯილდოებისას ბარაკ ობამამ.

1997 წელს, როდესაც ელენის მეოთხე სეზონი გადიოდა, ელენ დეჯენერესმა ოპრა უინფრის შოუში ქამინგ აუთი (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) გააკეთა. ის 2008 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდა ავსტრალიელ მსახიობ პორტია დე როსიზე.

ელენ დეჯენერესისა და პორტია დე როსის ქორწილი. ბევერლი ჰილზი. 16 აგვისტო, 2008 წელი.

ფოტო: Getty Images