დღეს კორპორაცია ინტელმა 2030 წლამდე ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით საკუთარი სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სათბური გაზების ემისიისა და ნარჩენების შემცირებას ითვალისწინებს. ათწლეულის მიწურულს კორპორაცია განახლებად ენერგიაზე სრულად გადასვლას და საკუთარი ნარჩენების სრულ გადამუშავებას გეგმავს.

ინტელის განცხადებით კორპორაციამ 2020 წლამდე ამ მიმართულებით გაწერილი გეგმის უდიდესი ნაწილი შეასრულა. დღეს კომპანია ნარჩენების 90%-ს თავად ამუშავებს და სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს პრაქტიკულად აღარ ყრის ნაგავსაყრელებზე. 2010 წლიდან კომპანიის სათბური გაზების ემისია 30%-ით შემცირდა, თუმცა 2016 წლიდან, კორპორაციის ზრდასთან ერთად ემისიების მოცულობა ისევ მზარდი გახდა. ინტელმა წყლის მოხმარებაც შეამცირა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კორპორაციამ წყლის მოხმარება 38%-ით შეამცირა, რაც 166 მილიარდ ლიტრს უტოლდება.

ინტელის მსგავსად, საკუთარ მავნე გავლენას ეკოლოგიაზე სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც ამცირებენ, რადგან მეცნიერების თქმით, თუ 2050 წლამდე სათბური გაზების ემისია ნულს არ მიუახლოვდება, ჩვენ კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ინტელის გეგმა ემისიების შესამცირებლად ითვალისწინებს იმ სათბური გაზების შემცირებასაც, რომლებიც ირიბად უკავშირდება კორპორაციის საქმიანობას და მოიცავს მიწოდების ჯაჭვს. 2019 წელს ინტელთან ირიბად დაკავშირებული სათბური გაზების სახით გარემოში დაახლოებით იგივე ოდენობის ნახშირორჟანგი მოხვდა, რამდენსაც ერთი წლის განმავლობაში ხუთზე მეტი ქვანახშირის თბოელექტროსადგური გამოყოფდა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარება მარტივი არაა, თუმცა ინტელის აზრით კორპორაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმოება უფრო ენერგოეფექტური იყოს. მაგალითისთვის, 2010 წლიდან ინტელის ბაზაზე მომუშავე ლეპტოპები 14-ჯერ უფრო ენრგოეფექტურები გახდნენ. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება 25%-იანი ენერგოეფექტურობის ნიშნულს, რომლის მიღწევასაც ინტელი წელს აპირებდა. კომპანია იმედოვნებს, რომ ტექნიკის მწარმოებლებთან ერთად კომპიუტერებში "ნახშირჟანგის კვალის" შემცირებასაც შეძლებენ.

ეკოლოგიური გეგმების გარდა კომპანიამ სხვა მიზნებზეც ისაუბრა. ინტელის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კორპორაცია უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქალებისა და უმცირესობების მაღალ თანამდებობებზე დასაქმების გაორმაგებას გეგმავს.