საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში პრობლემას ვერ შექმნის. ის ევროპალრამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირის დახმარებასა და ნაციონალური მოძრობის "ძმაკაცების" ციხიდან გამოშვებას შორის ტოლობის ნიშანი ვერ იქნება.

"საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ვინმეს, ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი", — თქვა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის აზრით, ნაციონალური მოძრაობა ღიას აცხადებს, რომ თუ მათ "ძმაკაცებს" ციხიდან არ გამოუშვებენ ყველა გზას, ტყუილსა და ძალადობას გამოიყენებენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებით, ის დახმარება, რომელსაც საქართველო პანდემიასთან გასამკლავებლად იღებს დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესებთან, რომელიც მთავრობამ უნდა აჩვენოს. მათ შორის ევროპარლამენტარი აღნიშნავს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კუბილიუსი წერს, რომ ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა მთავრობას ჰქონდეს მოახლოებულ არჩევნებზე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.