ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გლობალური ეკონომიკის პროგნოზები არ შეიძლება საქართველოზე არ აისახოს. ასე გამოეხმაურა ის EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც მისი თქმით "პესიმისტურია".

"ეს პროგნოზებიც არის წინასწარი და ძალიან დიდწილად დამოკიდებული არის მსოფლიო გლობალური ეკონომიკის შეფასებაზე. გლობალური ეკონომიკის შეფასება ხდება უფრო პესიმისტური, გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინები, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კოვიდინფექცია გაქრებოდა არ მართლდება. როგორც ჩანს მსოფლიოს მოგვიწევს რაღაც პერიოდი ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეობს ეს პესიმიზმი.

საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა იყო ყოველთვის, ჩვენ არ ვართ ვაკუუმში. შესაბამისად, ის, თუ როგორ მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, არ შეიძლება არ აისახოს ჩვენთან მიმართებაში პროგნოზებზეც", — განაცხადა თურნავამ.

მან განმარტა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გარე ბაზრებზე არსებული ვითარება, რადგან ექსპორტს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, როდიდან აღდგება გლობალურად ტურიზმი, ფრენები, ინვესტორების აქტივობა და ა.შ.

"აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე მთელი რიგი მიმართულებებით", — განაცხადა მან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონის ეკონომიკებმა ამ წელს, შესაძლოა, საშუალოდ 3,5%-იანი კლება განიცადონ, 2021 წელს 4,8%-იანი აღდგენის შესაძლებლობით. ამის შესახებ EBRD ბოლო ანგარიშში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ვარაუდები "უპრეცედენტოდ მერყევია".

მათი განცხადებით, პროდუქტების დაბალი ფასები დამატებით წნეხს შექმნის ნავთობპროდუქტებისა და ფოლადების ექსპორტიორ ქვეყნებზე — აზერბაიჯანზე, უკრაინასა და სომხეთზე. მათივე თქმით, საზღვარგარეთიდან მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნილი თანხების ნაკლებობა გავლენას მოახდენს ოჯახების შემოსავლებზე განსაკუთრებით მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინასა და საქართველოში. ასევე, EBRD აცხადებს, რომ შემცირებული ტურიზმი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის.