ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული, როცა ჰაიაო მიძაკიმ განაცხადა, რომ თავის შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებდა, ფანები მოუთმენლად ელოდებიან მისი ახალი ანიმეს ხილვას. შეგახსენებთ, რომ მიაძაკის ჯერჯერობით ბოლო სრულმეტრაჟიანი ანიმე The Wind Rises შვიდი წლის წინ, 2013 წელს გამოვიდა.

სულ ცოტა ხნის წინ Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში Studio Ghibli-ის პროდიუსერმა, ტოშიო სუზუკიმ ახალ ანიმაზე How Do You Live? ისაუბრა, რომელზეც მიაძაკი ამჟამად მუშაობს:

"ჩვენ კვლავ ყველაფერს ხელით ვხატავთ, მაგრამ ამ ანიმაციის შესაქმნელად უფრო მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე მანამდე, რადგან მასში გაცილებით მეტი კადრი იქნება. ამიტომაც, უფრო მეტი რამ გვაქვს ხელით დასახატი. როცა My Neighbor Totoro-ს შექმნაზე ვმუშაობდით, მხოლოდ რვა ანიმატორი გვყავდა. ტოტორო რვა თვეში შეიქმნა. მიაძაკის ამჟამინდელ ფილმზე 60 ანიმატორი მუშაობს, თუმცა მისი ერთი წუთის შესაქმნელად მაინც ერთი თვე გვჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთწლიანი მუშაობა მხოლოდ ანიმეს 12 წუთს უდრის. უკვე ამ ფილმზე 3 წელია ვმუშაობთ და მისი 36 წუთი მზადაა. იმედი გვაქვს, რომ მის დასრულებას შემდეგ 3 წელში შევძლებთ".

მიაძაკის პერსონაჟები

ფოტო: Studio Ghibli

Studio Ghibli-ის წარმომადგენელმა ისიც ახსენა, რომ ახალი ანიმე "დიდებულ, ფანტასტიკურ ამბავზეა", რაც მიაძაკის შემოქმედების მოყვარულებისთვის სულაც არ არის გასაკვირი. როგორც ცნობილია, ახალ ანიმეს How Do You Live? 1937 წელს გამოქვეყნებული მოთხრობის მიხედვით იღებენ, რომელიც პატარა ბიჭისა და მისი ბიძის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.