პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. გახარიას ინფორმაციით, ფოთის პორტის რეკოსნტრუქციისთვის ამერიკულმა ფონდმა უკვე 30 მილიონი დოლარი უკვე გადმორიცხა.

როგორც გახარია ამბობს, შავი ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი უნდა შეუწყონ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც.

"რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი, ეს პროექტი უკვე და გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. ამ პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია. რეალურად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება", — განაცხადა გახარიამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა ფოთის ტერმინალის ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია "პეის ჯგუფი" ახორციელებს. მისივე თქმით, ტერმინალის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ახლა პროექტი განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება.

როგორც თურნავა ამბობს, პეის ტერმინალის პროექტი 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის და 100 კონტეინერის გადამუშავებას ითვალისწინებს.

"პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას", — განაცხადა თურნავამ.