პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მწვანე კორიდორი ექნება, ისრაელი იქნება. მისივე თქმით, ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

როგორც გახარია ამბობს, კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ გლობალურ კონკურენციაში უფრო ეფექტური და წარმატებული იყოს, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც.

"საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც სულ მალე ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან. გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი", — განაცხადა გახარიამ.