იტალიის საფეხბურთო სერია A 13 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ლიგის გუნდებმა თანხმობა სახელმწიფოსგან მიიღეს და განახლება სამედიცინო ნორმების დაცვით მოხდება.

იტალიის სპორტის მინისტრმა წარმომადგენელთა პალატაში ოთხშაბათს გააკეთა განცხადება, რომ მთავრობა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (FIGC) შეთანხმდნენ. მისი თქმით, ლიგას საშუალება ექნება ვარჯიშები 18 მაისიდან განაახლოს.

"თუ ჩემპიონატი განახლდება, როგორც ამას ყველანი ვიმედოვნებთ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ყველას უსაფრთხოება დაცული იქნება, ესაა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობთ", — თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდება გუნდი 14 დღიან კარანტინში გადავა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 222 104 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 31 106 ადამიანი გარდაცვლილია, 112 541 კი გამოჯანმრთელებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: