გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული გაამართლა. პროკურატურა აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორებმა უტყუარი მტკიცებულებები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ კაცმა დანაშაული ჩაიდინა.

"ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მთავარი არხის ცნობით, გურჯაანის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს.

დღეს, 13 მაისს გურჯაანის სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლა სააპელაციო სასამართლოს გზითაა შესაძლებელი.

შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი აღკვეთის ღონისძიების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. საერთო სასამართლოების პრესსამსახურმა მაშინ განმარტა, რომ ბრალდებულს 9 თვით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროის ამოწურვის შემდეგ კი, მას აღკვეთის ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.