ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბაზისური სამედიცინო საშუალებებისა და რესურსების გარეშეა დარჩენილი.

ორგანიზაცია იუწყება, რომ რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც Covid-19 ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მთავრობამ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო:

"მუნიციპალიტეტში, სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურულად აშკარად გაუმართავი აფთიაქი და ერთი საავადმყოფო ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. შექმნილი ვითარება საგანგაშოა და ღიად მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტიან მუშაობაზე".

EMC წერს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებისთვის აუცილებელია:

  • მთავრობამ გაითვალისწინოს პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემები და გამოყოს შესაბამისი რესურსები მუნიციპალიტეტში გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად;
  • მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სწრაფი და შეთანხმებული მუშაობა.