ლეიბორისტების ოფისში 13 მაისის შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და "ნუ გაამწვავებს ვითარებას", კორონავირუსის პანდემიის დროს.

"მოსახლეობა დაზაფრულია კორონავირუსით და ეკონომიკური პრობლეებით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გაგვიხსნა ცეცხლი, ჩვენ კი იძულებული გავხდით გვეპასუხა. ამას ნამდვილად არ ვაპირებდით ამ მძიმე ვითარებაში. სჯობს, რომ ეს ცეცხლი ჩაქრეს, გადაწყვეტილბები მივიღოთ და სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ", — აცხადებს ოპოზიციონერი.

ოპოზიციური პარტიების ერთობა ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამსჯელოდ შეიკრიბა. ცალკეული პარტიების ლიდერებმა შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ისინი ხელისუფლების განაცხადზე იმსჯელებენ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ წარადგინეს ერთიანი განცხადება.

"ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის", — წერია ერთობლივ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დაწესდა ოპოზიციური პარტიები ამ ფორმატის ფარგლებში არ შეკრებილან. თუმცა, ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.

ოპოზიციის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.

დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია. განცხადება გააკეთა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც. სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოსგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს".

8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.